თვითმმართველობის არჩევნები 2025
დღეს საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით, ასევე 64 მერს. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 061 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ტარდება. მათ შორისაა 10 გამონაკლისი უბანი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებშია გახსნილი. ცესკო-ს მონაცემებით, სულ რეგისტრირებულია 3,513,818 ამომრჩეველი.
საარჩევნო პროცესს კი 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები აკვირდებიან, ასევე პროცესს გააშუქებს 73 მედიასაშუალების ათასამდე წარმომადგენელი. რეგისტრირებულ საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის არიან როგორც სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები 21 ქვეყნიდან. მათ შორის ბულგარეთიდან, ალბანეთიდან, ბოსნია და ჰერცოგოვინადან, უნგრეთიდან, სლოვაკეთიდან, მონტენეგროდან, თურქეთიდან და მოლდოვიდან.