არჩევნები 2025 – ოპოზიციის გეგმები
„ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის საერთო კანდიდატს ხვალ საღამოს დაასახელებენ.
რამდენიმე კვირიანი კონსულტაციები როგორც ჩანს დასრულებულია, თუმცა ვისზე შეაჩერეს პარტიებმა არჩევანი ჯერჯერობით უცნობია. ქუთაისის მერობისთვის ბრძოლას აპირებს იაგო ხვიჩია, რომელიც არჩევნებში საკუთარ პარტიას, „გირჩს“ წარმოადგენს. ის ასევე გამოდის ინიციატივით, რომ ქვეყნის დედაქალაქი ქუთაისი გახდეს. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს „პატრიოტთა ალიანსიც“. პარტია თბილისის გარდა კანდიდატების წარდგენას კიდევ ცხრა ქალაქში გეგმავს, დედაქალაქის მერობის კანდიდატურაზე კი ამ დრომდე მსჯელობა გრძელდება. რაც შეეხება დანარჩენ ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებს, ისინი ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან და ოთხი ოქტომბრის არჩევნებს რუსულ სპეცოპერაციას უწოდებენ. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ მათთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნებიან „ქართული ოცნების“ კანდიდატების კონკურენტები, რადგან შედეგი უცვლელი იქნება – 64-ვე მუნიციპალიტეტში, ხელისუფლების აზრით, მაინც „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს.