შალვა პაპუაშვილი – უნდათ, რომ გამოგვაცალონ იდენტობა, არც კი ვიცოდეთ, ვინ ვართ, რა გვწამს, რომ მერე თავად გვითხრან, ვინ უნდა ვიყოთ, რა გვწამდეს, ვის დროშაზე დავიფიცოთ

განსაკუთრებულად სიმბოლურია ჩვენი შეხვედრა აქ, ამ მიწაზე, ვინაიდან 26 ოქტომბერს ჩვენ კიდევ ერთი ისტორიული ბრძოლა უნდა გავიაროთ. და როგორც უწინ, ახლაც ეს იქნება ბრძოლა ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, ბრძოლა ჩვენი იდენტობისთვის, ბრძოლა ჩვენი მშვიდობიანი მომავლისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონული ღონისძიებაზე, რუსთავში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, დღეს, საქართველოს თავიდან აქვს საკუთარი თავი დასაცავი. ოღონდ, ფიზიკურ მტრებთან წინააღმდეგობის გარდა, დღეს იდენტობის შენარჩუნებისთვისაც უწევთ ბრძოლა.

მისი თქმით, ამიტომ არის 26 ოქტომბერი რეფერენდუმი იდენტობის, დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის და თვითმყოფადობის გადასარჩენად.

„მოგესალმებით ქვემო ქართლის ამაყო ხალხო, აქ, ქვემო ქართლის ისტორიულ მიწაზე, სადაც საქართველოს ისტორიული ბრძოლების უმრავლესობა გაიმართა. ბრძოლები, რომლებმაც ეროვნების მიუხედავად ყველა ერთ ამაყ და ღირსეულ ქართველ ხალხად შეგვადუღაბა. აქ არის დიდგორი, აქ არის მარტყოფი, აქაა კრწანისი და ტაბახმელა. ამ მიწის შვილები არიან მარაბდის გმირი ხერხეულიძეები და ერეკლე მეფის ბორჩალოელი მცველები. ამიტომ განსაკუთრებულად სიმბოლურია ჩვენი შეხვედრა აქ, ამ მიწაზე, ვინაიდან 26 ოქტომბერს ჩვენ კიდევ ერთი ისტორიული ბრძოლა უნდა გავიაროთ. და როგორც უწინ, ახლაც ეს იქნება ბრძოლა ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, ბრძოლა ჩვენი იდენტობისთვის, ბრძოლა ჩვენი მშვიდობიანი მომავლისთვის. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, დღეს, საქართველოს თავიდან აქვს საკუთარი თავი დასაცავი. ოღონდ ფიზიკურ მტრებთან წინააღმდეგობის გარდა, დღეს ჩვენი იდენტობის შენარჩუნებისთვისაც გვიწევს ბრძოლა. მტკიცე ეროვნულმა და პიროვნულმა იდენტობამ დღევანდელობამდე მოგვიტანა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ყოფა, ჩვენი ტრადიციები, ჩვენი ოჯახები. ეს იდენტობა არის ჩვენი ფესვები, ჩვენი აწმყო და ჩვენი მომავლის საძირკველი. უნდათ, რომ სწორედ ეს იდენტობა გამოგვაცალონ, რომ არც კი ვიცოდეთ ვინ ვართ, რა გვწამს, ვისი გორისანი ვართ, რომ მერე თავად გვითხრან, ვინ უნდა ვიყოთ, რა გვწამდეს, ვის დროშაზე დავიფიცოთ. საბჭოთა რეჟიმის მარწუხებიდან იმიტომ არ დაგვიხსნია თავი, რომ სხვა მეურვეებმა ჩვენ ნაცვლად და ჩვენი სახელით განგვისაზღვრონ ჩვენი აწმყო და მომავალი. ამიტომ არის 26 ოქტომბერი რეფერენდუმი ჩვენი იდენტობის, ჩვენი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის, ჩვენი თვითმყოფადობის გადასარჩენად. 26 ოქტომბერს ასევე გადაწყდება, შევძლებთ საქართველოს გამთლიანებას, თუ ძალაუფლებას კვლავ ის ხალხი ჩაიგდებს ხელში, ვინც აფხაზებთან და ოსებთან ხელახლა გადებული ნდობის ხიდები ერთხელ უკვე გადაწვა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა ასევე ისაუბრა ოპოზიციის მხრიდან ბოლო დროს განვითარებული კამპანიის შესახებ და აღნიშნა, რომ მათ ევროპისკენ გზა არ ესახებათ აფხაზ და ოს ხალხთან ერთად.

„უკანასკნელი პერიოდის ისტერია ნათლად აჩვენებს, რომ მშვიდობიანი გაერთიანება ოპოზიციის არჩევანი არაა. უკვე კარგად ჩანს, რომ მათი ევროპული გზა არის გზა აფხაზებისა და ოსების გარეშე. ამ გზაზე, ისინი მზად არიან უკან მოიტოვონ სოხუმიც და ცხინვალიც და ხაზი გადაუსვან ჩვენი წინაპრების სისხლით შეკრულ საქართველოს საზღვრებს. ჩვენი ევროპული გზა კი არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს. ეს გზა რთულიც არის და იოლიც. რთულია, თუ მხოლოდ იმ ტკივილზე ვიფიქრებთ, რაც ერთმანეთს მივაყენეთ სიტყვით თუ საქმით, განზრახ თუ გულგრილობით. რთულია, თუ ამ ტკივილს უბრალოდ გავიყუჩებთ, ჩვენსას არ გავუზიარებთ და სხვისას არ გავიზიარებთ, დასასჯელს არ დავსჯით და შესანდობს არ შევუნდობთ. მაგრამ ეს გზა იოლია, თუ იმ სიყვარულზე ვიფიქრებთ, რაც ჩვენს შორის იყო და არის. ჩვენს საერთო ოჯახებზე, ჩვენს საერთო სალოცავებზე, ჩვენს საამაყო საერთო წარსულზე და მის ხელახლა გამეორებაზე.

სწორედ ამას ეწინააღმდეგება ოპოზიცია. სწორედ ეს გათქვეს მათ ბოლო დღეებში მათი გაშიშვლებული ნაციონალისტური რიტორიკით და შერიგების წინააღმდეგ საბაბების ძებნით. თავადვე დაადასტურეს, რომ ნულია შანსი, რომ მათ ქვეყნის გამთლიანებისთვის საჭირო კონსტიტუციურ პროცესში რაიმე კონსტრუქციული როლი ითამაშონ. ამიტომ არის „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ერთადერთი გზა ქვეყნის გაერთიანებისთვის. 26 ოქტომბერს კიდევ ერთი დიდი ბრძოლა უნდა მოიგოს საქართველომ. ეს ბრძოლა ისტორიას დარჩება, როგორც კიდევ ერთი ქარტეხილიანი უღელტეხილი, რომელიც საქართველომ უნდა გაიაროს, რომ გაერთიანდეს, გაძლიერდეს და დაიბრუნოს ის სახელი და დიდება, რომელსაც ჩვენი საერთო დიდი წინაპრების თავგანწირვა და საგმირო საქმეები გვავალდებულებს. ამიტომ, 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი ჩვენი ქვეყნის გამარჯვებისთვის. ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს მფარველი!“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მიდიხარ არჩევნებზე?