„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ჩხოროწყუში, გვარამია-მელიას პარტიის წევრმა, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, „ოცნების“ ადგილობრივი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ავტომანქანა დააზიანა
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრისა და ჩხოროწყუს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ჯუმბერ იზორიას კუთვნილი ავტომანქანა პარტია „ახალის“ წევრმა, ჩხოროწყუს ყოფილმა დეპუტატმა, ვახტანგ ლემონჯავამ დააზიანა. ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.
„ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რომ ვახტანგ ლემონჯავა კოალიცია „ახალი-გირჩი-დროას“ ჩხოროწყუს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიგა ლემონჯავას მამაა.
„სოფელ ლესიჭინეს ცენტრში დავტოვე ჩემი კუთვნილი ავტომანქანა, წავედით შეხვედრებზე და როცა მოვბრუნდი, ვნახე მანქანასთან შეგროვილი ხალხი. როგორც შემდეგ გავარკვიე, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ვახტანგ ლემონჯავა მივარდა ავტომანქანას, არაადეკვატურად იქცეოდა, იგინებოდა, ისროდა ქვებს ავტომანქანის მიმართულებით. ფაქტს ჰყავს არაერთი თვითმხილველი. ჩვენთვის, „ქართული ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანია, საარჩევნო კამპანიამ ჩაიაროს მშვიდ გარემოში, თუმცა ოპონენტებისგან ვხედავთ აგრესიას, ძალადობას, პირად სივრცეში შემოჭრას, მხარდამჭერების ბულინგის მცდელობებს, ხულიგნობას, რაც ნამდვილად ქმნის პოლარიზაციას. ეს ქმედება დაფიქსირებული აქვთ სათვალთვალო კამერებს და დაწყებულია გამოძიება. მოვუწოდებ ოპონენტებს, შეეგუონ მარცხს და ნუ ცდილობენ, გავიდნენ კანონის ჩარჩოებიდან“, – აცხადებს ჯუმბერ იზორია.
აღნიშნულ თემაზე დღეს, 14:00 საათზე, „ქართული ოცნების“ ჩხოროწყუს შტაბში ბრიფინგი გაიმართება.