ლევან მახაშვილი – წინაასაარჩევნოდ განსხვავებული წესები მოქმედებს, რასაც ყველა უნდა დაემორჩილოს, შიგნით თუ გარეთ, ყველასთვის იქნება ტესტი, რამდენად სცემენ პატივს საქართველოს კანონმდებლობას

წინაასაარჩევნო პერიოდში განსხვავებული წესები მოქმედებს, რასაც ყველა უნდა დაემორჩილოს, შიგნით თუ გარეთ. ეს პერიოდი ყველასთვის იქნება ტესტი, რამდენად სცემენ პატივს საქართველოს კანონმდებლობას, ქართველ ამომრჩეველს, – ამის შესახებ  საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მახაშვილს კითხვა დაუსვეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ 5 აგვისტოს გამოქვეყნებულ ფეისბუქპოსტზე, სადაც მან აღნიშნა: „დღეიდან ამოქმედდა წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული რეგულაციები, რომლებიც, სხვა საკითხებთან ერთად, საარჩევნო სუბიექტის სასარგებლო ან საწინააღმდეგო აგიტაციაში მონაწილეობას ეხება. საარჩევნო კანონმდებლობა ვრცელდება საქართველოში მყოფ ყველა პირზე, მათ შორის, დიპლომატებზეც. ვენის კონვენციის 41-ე მუხლის შესაბამისად, დიპლომატები „ვალდებული არიან, პატივი სცენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებს“.

„ზუსტად ორი თვე არის დარჩენილი მუნიციპალურ არჩევნებამდე. ეს არის ოფიციალურად წინაასაარჩევნო პერიოდი, რა დროსაც განსხვავებული წესები ფუნქციონირებს. სწორედ ამ წესებს უნდა დაემორჩილოს ყველა, შიგნით თუ გარეთ. ეს არის განსაკუთრებული პერიოდი, რომელიც ყველა აქტორისგან განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, სიფრთხილეს მოითხოვს, იქნება ეს განცხადებები, აქტივობებში მონაწილეობა, დაფინანსების საკითხები თუ ასე შემდეგ. ძალიან ცუდი გამოცდილება გვაქვს საპარლამენტო არჩევნებიდან, სწორედ ამიტომ, პარლამენტის თავმჯდომარის და ყველა ჩვენგანის განაცხადი, მოწოდებაა, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ თავიანთ როლს ამ ქვეყანაში. განსაკუთრებით ცუდი გამოცდილება ვიხილეთ დიპლომატებისგან, უცხოელებისგან. შეიძლება, აქამდე სხვადასხვა მიზნით, სხვადასხვა მიზეზით სცოდნოდათ ან არ სცოდნოდათ, დღეს ეს წესები ყველასთვის საჯარო, ცნობილია. ამიტომ, ნამდვილად ეს პერიოდი ყველასთვის იქნება ტესტი, რამდენად სცემენ პატივს საქართველოს კანონმდებლობას, ქართველ ამომრჩეველს, თუ ეს არის მათი პირდაპირ დაგეგმილი ოპერაცია, საარჩევნო პროცესში ჩარევით შეცვალონ საქართველოს მოსახლეობის არჩევანი. მაგალითად, საპარლამენტო არჩევნებისას ვნახეთ წინასაარჩევნო პროცესებში ჩარევა დაფინანსების, პირდაპირი მონაწილეობის, სხვადასხვა სივრცის გამოყოფის სახით, სხვადასხვა პროცესით, რაც კანონის დარღვევაა. ახლაც, ამ ორი თვის განმავლობაში არათუ საფრთხეა, წინა თვეების განმავლობაში უკვე გვქონდა ეს მცდელობები, ნაბიჯები შიგნით თუ გარეთ, განცხადებები, დაფინანსების გამოყოფის მცდელობები, რათა ერთი ან მეორე მხარე დაიჭირონ. ეს არ არის კანონის შესაბამისი. ვაფრთხილებთ ყველას, მაქსიმალურად გულისყურით, სიფრთხილით მოეკიდონ თითოეულ განცხადებას, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ. ეს ყველაზე საფრთხილო პერიოდია მთლიანი საარჩევნო ციკლის განმავლობაში. ამიტომ ყველას ვთხოვ, მაქსიმალურად თავი შეიკავონ, რათა თავიდან ავირიდოთ წინასაარჩევნო პროცესში ჩარევა და ამ გზით ქართველი ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენა“, – განაცხადა მახაშვილმა.

მიდიხარ არჩევნებზე?