კახა კალაძე – თბილისი არის ბევრად სიცოცხლით სავსე, ვიდრე იყო რვა წლის წინ, დღეს ჩვენი სლოგანი და მთავარი დაპირებაა – „მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს“

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დღეს თბილისი და მისი თითოეული უბანი არის ბევრად სიცოცხლით სავსე, ვიდრე იყო რვა წლის წინ.

როგორც კალაძემ დედაქალაქის მერობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, დღეს სლოგანი და მთავარი დაპირებაა – „მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს“.

„რვა წლის წინ, როდესაც პირველად წარვდექი თბილისელების წინაშე თბილისის მერობის კანდიდატად, ჩვენი სლოგანი და მთავარი დაპირება იყო „სიცოცხლით სავსე ქალაქი“. მაშინ, როდესაც ქალაქში დავდიოდი, ვცდილობდი, ჩემთვის ცხადად წარმომედგინა, როგორ შეიძლებოდა, შესხმოდა ხორცი ამ დაპირებას, როგორი უნდა გამხდარიყო თბილისი ამ დაპირების შესრულების შემდეგ. პირველი, რაც მაშინ შევამჩნიე, იყო ცარიელი ეზოები, პარკები, სკვერები და სხვა საჯარო სივრცეები. სამწუხაროდ, 2017 წლის თბილისში სიცოცხლე არ ჩქეფდა ისე, როგორც ეს ბევრ ევროპულ ქალაქში მინახავს. და მაშინ გავიაზრე, რომ მთავარი, რამაც ქალაქს მეტი სიცოცხლე შეიძლება შესძინოს, არის ადამიანების ხალისი, ჰქონდეთ მეტი ურთიერთობა საკუთარ ქალაქთან და თანაქალაქელებთან. დღეს ალბათ ყველა ვამჩნევთ ადამიანების სიმრავლეს ეზოებში, სკვერებსა და პარკებში, ქალაქის ცენტრალურ უბნებში თუ გარეუბნებში, კულტურულ და სპორტულ სივრცეებში. დღეს თბილისი და მისი თითოეული უბანი არის ბევრად უფრო სიცოცხლით სავსე, ვიდრე ის იყო რვა წლის წინ.

დღეს ჩვენი სლოგანი და მთავარი დაპირებაა – „მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს“. ჩვენ ვამაყობთ, რომ გამოწვევებით სავსე თანამედროვე სამყაროში დღეს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი დედაქალაქი არის ერთგვარი მშვიდობის კუნძული, რაც მის განვითარებას განსაკუთრებულ პერსპექტივას უქმნის. მშვიდობა გვაძლევს იმაზე ზრუნვის საშუალებას, რომ მეტი სიკეთე მივანიჭოთ ჩვენს ულამაზეს ქალაქს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე დღეს ოფიციალურად წარადგინა.

მიდიხარ არჩევნებზე?