კახა კალაძე – არავის ვესხმით თავს, გვიწევს საკუთარი ქვეყნის დაცვა, დიდი ბოდიში, ვის აქვს უფლება, თითის დაქნევით ელაპარაკოს ქართულ სახელმწიფოს, რომელიც არის დამოუკიდებელი
ვის აქვს უფლება, თუნდაც დიდ სახელმწიფოებს, დიდ პოლიტიკურ მოთამაშეებს, თითის დაქნევით ელაპარაკოს ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს. ქართულ სახელმწიფოს, რომელიც არის დამოუკიდებელი, სუვერენული და თავისუფალი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის პოლიტიკური დებატებისას, კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
დებატების ფორმატი ითვალისწინებდა მერობის კანდიდატების მიერ ერთმანეთისთვის კითხვების დასმას. კანდიდატები ძირითადად კითხვებს კახა კალაძეს უსვამდნენ.
„მწვანეთა პარტიის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი გაჩეჩილაძემ კალაძეს დაუსვა კითხვა, რომლის თანახმადაც: „იმ სიტუაციაში, როცა დაუპირისპირდით მთელ დასავლეთს, უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავთ ლიდერებს, არა მარტო ევროკავშირის, არამედ აშშ-ის, რას აპირებთ, საქართველოდან უვიზო რეჟიმით წასულ ადამიანებს რომ შეუჩერდეთ უვიზო რეჟიმი, ასიათასობით ადამიანი აქ რომ დაბრუნდება, შემდეგ რას აპირებთ?“.
კალაძის თქმით, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ყველამ უნდა გაიგოს, რომ ამ ქვეყნის ბატონ პატრონი არის ქართველი ხალხი, რომელიც გადაწყვეტს, ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში.
„ჩვენ არავის ვესხმით თავს, არავის არ ვებრძვით, გვიწევს საკუთარი ქვეყნის, საკუთარი ხალხის დაცვა, პირველ რიგში, ქვეყნის ინტერესების დაცვა. ძალიან დიდი ბოდიში, ვის აქვს უფლება, ქვეყნის გარედან მათ შორის, თუნდაც დიდ სახელმწიფოებს, დიდ პოლიტიკურ მოთამაშეებს, თითის დაქნევით ელაპარაკოს ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს. ქართულ სახელმწიფოს, რომელიც არის დამოუკიდებელი, რომელიც არის სუვერენული და თავისუფალი. ამ ყველაფრისთვის ჩემმა, თქვენმა წინაპრებმა, ბატონო გია, იბრძოლეს და სისხლით მოიპოვეს ეს ყველაფერი. ამას ყოველდღიური ბრძოლით სჭირდება გაფრთხილება, სჭირდება შენარჩუნება, განმტკიცება.
ჩვენ როგორ შეიძლება, ევროპას ვებრძოდეთ, როგორ შეიძლება ამერიკას ვებრძოდეთ, მაგრამ არავის არ მივცემთ შესაძლებლობას, რომ თითის დაქნევით გველაპარაკოს და მოგვიწოდეს ისეთი რაღაცების კეთება, რომელიც ვიცით, რომ, პირველ რიგში, საკუთარი ქვეყნისთვის არის დამღუპველი, ვიცით, რომ საკუთარი ეკონომიკისთვის არის დამღუპველი და გამანადგურებელი, არ გადავდგამთ ამ ნაბიჯებს. ჩვენ მეგობრობაც შეგვიძლია, ურთიერთობაც შეგვიძლია, ამის მომხრეც ვართ, გავაკეთეთ არაერთი განცხადება, რომ დავიწყოთ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია. როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით გლობალურ ომის პარტიაზე, ე.წ. დიფ სთეითზე, მთელი ქილიკი მიდიოდა, თითქოს რაღაცებს ვიგონებდით, ვიდრე აშშ-ის პრეზიდენტი არ გამოვიდა და ყველაფერს თავისი სახელი არ დაარქვა. არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით ყოველ წელს რევოლუციებს გიწყობდნენ ქვეყანაში, ეს თქვენ, როგორც ქართველს, როგორც ამ ქვეყანაში დაბადებულ ადამიანს გსიამოვნებთ, მოგწონთ ეს ყველაფერი? გარედან უნდა იმართებოდეს ეს ქვეყანა? ყველამ გაიგოს, ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც, ამ ქვეყნის ბატონ პატრონი არის მისი აღმატებულება ქართველი ხალხი, ქართველი ხალხი გადაწყვეტს, ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში, როგორც ცენტრალურ, ასევე მუნიციპალურ დონეზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.