ცესკო-ში აცხადებენ, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე განაცხადის არ შემოტანის გამო, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ნომრები ვაკანტური გახდა და სხვა საარჩევნო სუბიექტებს მიენიჭა

ცესკო-ში აცხადებენ, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე განაცხადის არგაკეთების გამო, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ნომრები ვაკანტური გახდა და სხვა საარჩევნო სუბიექტებს მიენიჭა.

როგორც ცესკო-ს პრესსპიკერი, ნათია იოსელიანი აღნიშნავს, ორმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცეკო-ს მხოლოდ ნომრის შენარჩუნებისთვის მომართეს, მაგრამ აღარ მოუმართავთ არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად.

„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრები განსაზღვრა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მომართა სულ 17-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, აქედან 14 არის უკვე რეგისტრირებული ხოლო სამი არის რეგისტრაციის პროცესში. აღნიშნული საარჩევნო სუბიექტებიდან ხუთს ჰქონდა ის საკანონმდებლო წინაპირობა, რითაც შეეძლოთ შეენარჩუნებინათ რიგითი ნომრები, ხოლო დანარჩენი საარჩევნო სუბიექტებისთვის დღეს გამართულ სხდომაზე მოხდა რიგითი ნომრების მინიჭება.

საარჩევნო კანონმდებლობა იცნობს ნორმას, რომლის მიხედვითაც არის შესაძლებელი საარჩევნო სუბიექტმა შეინარჩუნოს განვლილ საპარლამენტო არჩევნებში გამოყენებული რიგითი ნომერი. თუმცა, ამისთვის საჭიროა, რომ კანონმდებლობით დათქმულ ვადაში მიმართოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რიგითი ნომრის შენარჩუნებისთვის. ასევე არაუგვიანეს 57-ე დღისა მომართოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს არჩევნებში მონაწილეობის უფლებასთან დაკავშირებით. ორმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მხოლოდ ნომრის შენარჩუნებასთან დაკავშირებით მომართა, მაგრამ აღარ მოუმართავს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, ამდენად, აღნიშნული რიგითი ნომრები იყო ვაკანტური და ცესკო-მ აღნიშნული ნომრები სხვა საარჩევნო სუბიექტებს მიანიჭა“, – განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, ცესკო-ს განკარგულების თანახმად, საარჩევნო ნომერი 4 მიენიჭა „ქართველ ერთობას“, ნომერი 5 კი პარტიას, „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“.

მიდიხარ არჩევნებზე?