„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული
მმართველი პარტიის საარჩევნო სიის პირველი ოცეული ცნობილია – სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი იქნება. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესა და პარტიის დამფუძნებელს მოსდევს მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პირველ ხუთეულშია პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე. ოცეულში არიან „ქართული ოცნების“ სტაჟიანი წევრები, ერთი მინისტრი და რამდენიმე მოქმედი დეპუტატი, ჩამონათვალში მოხვდნენ ახალი სახეებიც, მათ შორის არიან ცნობილი სპორტსმენები. ოცეულშია „ხალხის ძალის“ ორი წევრიც.
პრეზენტაცია სახელისუფლებო პარტიის ცენტრალურ ოფისში ცოტა ხნის წინ დასრულდა. საარჩევნო სიის სრული შემადგენლობა, რომლითაც მმართველი გუნდი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე წარდგება, უახლოეს კვირებში უნდა გახდეს ცნობილი. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის არჩევნებზე საარჩევნო სიის პირველი ნომერი მაშინდელი პრემიერი იყო.