პარტიების საარჩევნო კამპანია
სწორედ საკონსტიტუციო ცვლილებებით არის განსაზღვრული, რომ 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ახალი, სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება. ხმის მიცემის თარიღი ახლოვდება და წინასაარჩევნო კამპანია სულ უფრო აქტიურ ფაზაში შედის. მმართველი პარტიის საარჩევნო სიიდან უკვე ცნობილია იმ 30 კანდიდატის ვინაობა, რომლებიც მმართველმა პარტიამ 22 რეგიონსა და დედაქალაქის 8 ოლქში დელეგატებად დაასახელა, მათ შორის არიან როგორც ახალი, ისე კარგად ნაცნობი სახეები. პარალელურად, სახელისუფლებო გუნდმა მოსახლეობასთან შეხვედრები მცხეთა-მთიანეთიდან დაიწყო და დარჩენილი პერიოდის განმავლობაში ყველა რეგიონის დაფარვას გეგმავს. სამზადისი დაიწყო აჭარაშიც, სადაც 26 ოქტომბერს უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც გაიმართება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს დელეგატები ყველა მუნიციპალიტეტში დაასახელა. ქვეყნის განვითარების საკუთარ ხედვას აცნობენ მოქალაქეებს ოპოზიციური გაერთიანებების წარმომადგენლები. იხსნება რეგიონული ოფისები და ხელისუფლების ოპონენტები ამომრჩეველთა პრობლემების შესახებ ისმენენ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ 26 ოქტომბერს მოსახლეობის აქტიურობასა და გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ქვეყნის საგარეო კურსი.