ოპოზიცია გეგმაზე და მანდატების დათმობაზე ვერ თანხმდება
გაფორმდება თუ არა მანდატების დატოვებაზე ზეპირი განცხადებები ოფიციალურად – ხელისუფლება ოპოზიციისგან უკვე არაერთხელ გაცხადებული პოზიციის წერილობით დადასტურებას ელოდება.
პარლამენტის და მისი 150-ვე დეპუტატის უფლებამოსილება ცნობილია. შესაბამისად, ახლად არჩეულ წევრებს, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმურად არ მიიჩნევენ, მანდატებზე უარის თქმის უფლება უკვე აქვთ. ასეთ შემთხვევაში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოს ინდივიდუალურად უნდა მიმართონ. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით პარლამენტს ელექტრონული ფორმით უკვე მიმართა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ. ანალოგიურ გადაწყვეტილებას აანონსებს მელია-გვარამია-ხოშტარია-ჯაფარიძის კოალიციაც, რომელმაც „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად შესაბამისი განაცხადები მაშინ დაწერა, როცა პარლამენტის უფლებამოსილება ჯერ არ იყო ცნობილი. უცნობია „ძლიერი საქართველოს“ გეგმა, რომელიც მანამდე ოპოზიციას მანდატებზე უარის თქმის ერთიან სტრატეგიას სთავაზობდა. დუმს გახარიას პარტიაც, რომელიც პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებს, თუმცა ფაქტია, რომ ექს-პრემიერის გუნდი ამ ნაწილშიც დანარჩენი ოპოზიციისგან გასხვავებული სტრატეგიით მოქმედებს.
თათია ტაბეშაძე არკვევდა, აპირებენ თუ არა ბარიერგადალახული ოპოზიციური სუბიექტები მანდატებზე უარის თქმას ოფიციალურად.