ხაზარაძე – გახარიას ჩაშლილი მოლაპარაკება

ახალი პოლიტიკური ერთობა ვერ შედგა.

პრეზიდენტის მედიაციით მიმდინარე ორდღიანი კონსულტაციები უშედეგოდ დასრულდა. გიორგი გახარიამ და მამუკა ხაზარაძემ გაერთიანებაზე შეთანხმება ვერ მოახერხეს. არაოფიციალური ინფორმაციით, უთანხმოების მიზეზი საარჩევნო სიებს უკავშირდება. ყოფილი პრემიერი პირველი წუთიდან აცხადებდა, რომ „ლელოს“ გარშემო შექმნილ ალიანსთან წინასაარჩევნო ერთობაზე თანახმა იყო, მამუკა ხაზარაძე კი საკუთარ ახალ პოლიტიკურ პარტნიორებთან და გუნდთან კონსულტაციებისთვის დროს ითხოვდა. პრეზიდენტის სასახლეში მოლაპარაკების ბოლო რაუნდი დღეს იგეგმებოდა, თუმცა გახარიას პარტიის განცხადებამ კონსულტაციებს წერტილი დაუსვა. მხარეები ვერ შემდგარ ერთობაზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ. მოლაპარაკებები დიდი ალბათობით მარტივი არ იქნებოდა, რადგან გახარია და ხაზარაძე წარსულში ერთმანეთთან მწვავედ იყვნენ დაპირისპირებულები. არქივი არაერთ მძიმე ურთიერთბრალდებას ინახავს. ხელისუფლებაში ყოფნის დროს გიორგი გახარიას აკრიტიკებდნენ ის პოლიტიკური აქტორებიც, რომლებიც უკვე დღეს „ლელოს“ გარშემო შექმნილ წინასაარჩევნო კოალიციაში არიან.

მიდიხარ არჩევნებზე?