შალვა პაპუაშვილი – 26 ოქტომბერს გადაწყდება, ღირსეულად გავაგრძელებთ ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორიას თუ ვიქცევით სხვათა ნების შემსრულებელ პერიფერიად
26 ოქტომბერი დამოუკიდებლობის მეორე რეფერენდუმია, ამიტომ გადაწყდება 26 ოქტომბერს, ღირსეულად გავაგრძელებთ ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორიას თუ ვიქცევით სხვათა ნების შემსრულებელ პერიფერიად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე განაცხადა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, 26 ოქტომბერი დამოუკიდებლობის მეორე რეფერენდუმია.
მისი თქმით, ყველა კარგად ხედავს ოპოზიციის მიერ ცალყბად წარმოებულ საარჩევნო კამპანიას და იმას, რომ ისინი თავს აწონებენ უცხოელებს და არა – საქართველოს მოქალაქეებს.
„დღეს ჩვენი ქვეყანა ნინოს გზას გადის – ეკლიანს, მტკივნეულს, განსაცდელებით სავსეს. გარედან მართული ოპოზიცია აგრძელებს ქვეყნის და საზოგადოების რყევას. ყველა კარგად ვხედავთ მათ ცალყბად წარმოებულ საარჩევნო კამპანიას. ისინი თავს აწონებენ უცხოელებს და არა – საქართველოს მოქალაქეებს, იმიტომ, რომ მათ ძალაუფლება სჭირდებათ არა ქართველი ხალხის ნების გასატარებლად, არამედ იმისთვის, რომ ქართველი ხალხი სხვა ხალხების ინტერესებს დაუქვემდებარონ, ჩვენს სულში სხვებს ხელები აფათურებინონ, საკუთარ ოჯახში სტუმარი ათავკაცონ, ჩვენი სისხლით მოპოვებული დამოუკიდებლობა წითელ ხალიჩაზე გაცვალონ. ამიტომ არის 26 ოქტომბერი დამოუკიდებლობის მეორე რეფერენდუმი. ამიტომ გადაწყდება 26 ოქტომბერს, ღირსეულად გავაგრძელებთ ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორიას თუ ვიქცევით სხვათა ნების შემსრულებელ პერიფერიად. ამიტომ უნდა ისმოდეს 26 ოქტომბერს სოფლად და ქალაქში, მთაში და ბარში, აღმოსავლეთსა და დასავლეთში ჩვენი მთავარი პირობა: მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით ევროპისკენ. ღმერთი იყო ჩვენი სამშობლოს მფარველი“, – განაცხადა განაცხადა პაპუაშვილმა.