საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმართება.

მეორე ტური დედაქალაქსა და კიდევ ოთხ თვითმმართველ ქალაქში – რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში მიმდინარეობს. ყველა თვითმმართველ ქალაქში ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატები უპირისპირდებიან:

თბილისში – კახა კალაძე („ქართული ოცნება“) და ნიკა მელია („ნაციონალური მოძრაობა“);

რუსთავში – ნინო ლაცაბიძე („ქართული ოცნება“) და დავით კირკიტაძე („ნაციონალური მოძრაობა“);

ქუთაისში – იოსებ ხახალეიშვილი („ქართული ოცნება“) და ხატია დეკანოიძე („ნაციონალური მოძრაობა“);

ფოთში – ბექა ვაჭარაძე („ქართული ოცნება“) და გიგი უგულავა („ნაციონალური მოძრაობა“);

ბათუმში – არჩილ ჩიქოვანი („ქართული ოცნება“) და გიორგი კირთაძე („ნაციონალური მოძრაობა“);

ხუთი თვითმმართველი ქალაქის გარდა, მოქალაქეები დღეს მერებს ირჩევენ 15 მუნიციპალიტეტში – თელავი, თიანეთი, ქარელი, ხაშური, ცაგერი, ბაღდათი, წყალტუბო, ოზურგეთი, სენაკი, მარტვილი, ხობი, ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ხელვაჩაური. ამომრჩევლებს არჩევანის გაკეთება იმ ორ საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს შორის უწევს, რომლებმაც პირველ ტურში გამარჯვებისთვის 50% +1 ხმის მიღება ვერ შეძლეს. 15 მუნიციპალიტეტიდან 12-ში ერთმანეთის კონკურენტები „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ კანდიდატები არიან, სამ მუნიციპალიტეტში კი, მმართველი პარტიის კანდიდატებს გიორგი გახარიასა და თამაზ მეჭიაურის პარტიების, ხოლო ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი უპირისპირდებიან:

თელავში – გიორგი ბოტკოველი („ნაციონალური მოძრაობა“) და ლევან ანდრიაშვილი („ქართული ოცნება“);

თიანეთში – თამაზ მეჭიაური („თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“) და ლევან წიკლაური („ქართული ოცნება“);

ქარელში – ზაზა გულიაშვილი („ქართული ოცნება“) და ნიკოლოზ ახალკაცი („ნაციონალური მოძრაობა“);

ხაშურში – თენგიზ ჩიტიაშვილი („ქართული ოცნება“) და იოსებ ბუაძე („ნაციონალური მოძრაობა“);

ცაგერში – გიორგი ნემსაძე („ქართული ოცნება“) და ბესარიონ ბენდელიანი („გახარია საქართველოსთვის“);

ბაღდათში – კახა ენუქიძე („ქართული ოცნება“) და გიორგი რობაქიძე („ნაციონალური მოძრაობა“);

წყალტუბოში – გენადი ბალანჩივაძე („ქართული ოცნება“) და ზაზა მეტრეველი („ნაციონალური მოძრაობა“);

ოზურგეთში – ავთანდილ თალაკვაძე („ქართული ოცნება“) და კონსტანტინე შარაშენიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი);

სენაკში – ვახტანგ გადელია („ქართული ოცნება“) და კობა ნაყოფია („ნაციონალური მოძრაობა“);

მარტვილში – თორნიკე ჯანაშია („ქართული ოცნება“) და თეიმურაზ ჯანაშია („ნაციონალური მოძრაობა“);

ხობში – ბესიკ შენგელია („ნაციონალური მოძრაობა“) და დავით ბუკია („ქართული ოცნება“);

ზუგდიდში – ანზორ მელია („ნაციონალური მოძრაობა“) და მამუკა წოწერია („ქართული ოცნება“);

წალენჯიხაში – გიორგი ხარჩილავა („ნაციონალური მოძრაობა“) და გოგა გულორდავა („ქართული ოცნება“);

ჩხოროწყუში – ბადრი ქარჩავა („ნაციონალური მოძრაობა“) და დათო გოგუა („ქართული ოცნება“);

ხელვაჩაურში – მიშა ბოლქვაძე („ნაციონალური მოძრაობა“) და ზაზა დიასამიძე („ქართული ოცნება“).

24 საარჩევნო ოლქში კი, ამომრჩევლებს იმ ორ მაჟორიტარობის კანდიდატს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება, ვინც პირველ ტურში ამომრჩევლების ხმების 40%-ზე მეტი ვერ მოაგროვა, ანუ მაჟორიტარებისთვის დაწესებული ბარიერი ვერ გადალახა.

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისთვის ქვეყნის მასშტაბით 1 830 საარჩევნო უბანი მოქმედებს, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა კი, 2 088 722-ს შეადგენს.

არჩევნებზე დამკვირვებლად რეგისტრირებულია 100 ადგილობრივი ორგანიზაციის 35 198 და 52 საერთაშორისო ორგანიზაციის 1 102 დამკვირვებელი; ასევე 119 მედიაორგანიზაციის 3 711 წარმომადგენელი.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტური 2 ოქტომბერს ჩატარდა. მერის არჩევნებში 64 მუნიციპალიტეტიდან 44-ში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა პირველსავე ტურში გაიმარჯვეს.

მიდიხარ არჩევნებზე?