რომან გოცირიძე – დასავლეთი კარგად ხედავს, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას აპირებს, ბუნებრივია, ამას არავინ შეარჩენს, პირველ რიგში, ქართველი ხალხი
დასავლეთი კარგად ხედავს, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას აპირებს. ბუნებრივია, ამას არავინ შეარჩენს, პირველ რიგში, ქართველი ხალხი. გაყალბებული არჩევნების შემდეგ ამ ხელისუფლების მმართველობაში დარჩენა წარმოუდგენელია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
გოცირიძეს კითხვა დაუსვეს ბრიტანულ გამოცემა „ფაინენშალ თაიმსთან“ დაკავშირებით, რომელმაც გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით, „დასავლეთი უნდა მოემზადოს კრიზისისთვის საქართველოში“.
„დასავლეთი ხედავს, რომ რუსეთი საქართველოს არჩევნებში ერევა. რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადება მოვისმინეთ, რომ რევოლუციას აპირებენ და ა.შ. დასავლეთი კარგად ხედავს, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას აპირებს. ბუნებრივია, ამას არავინ შეარჩენს, პირველ რიგში, არ შეარჩენს ქართველი ხალხი. გაყალბებული არჩევნების შემდეგ ამ ხელისუფლების მმართველობაში დარჩენა წარმოუდგენელია. ჩანს, როგორ მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია, როგორ მიმდინარეობს მოსყიდვა. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შავი ფული ტრიალებს არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, არამედ მათი მხრიდან, ვინც ტენდერებს იგებს. არჩევნებში მონაწილეობა იმიტომ უნდა მიიღო, რომ ეს ხელისუფლება ნებისმიერ შემთხვევაში დაამარცხო. გაყალბების ზღვარიც არსებობს. ხელისუფლებას თუ 30-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს, იმ მასშტაბით ვერ გააყალბებს, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. ასეთი ბევრჯერ გვინახავს. არჩევნები არა მხოლოდ კენჭისყრის დღეა, არამედ მანამდე პროცესია. „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები როგორც არ უნდა გააყალბოს, ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებს, რადგან სხვაობა ძალიან დიდია. არჩევნების არასამართლიანი ჩატარება საარჩევნო ყუთში მხოლოდ ხმების ჩაყრას არ ნიშნავს. როგორც არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, „ქართულ ოცნებას“ რესურსი არ აქვს, ხელისუფლებაში დარჩეს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.