პაატა მანჯგალაძე – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა საქართველო გათავისუფლდეს ამ რეჟიმისგან და „ქართული ოცნების“ სიაში მყოფი ოლიმპიელებიც დაუბრუნდნენ იმ საქმის კეთებას, რაც გამოსდით
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველო გათავისუფლდეს ამ რეჟიმისგან და „ქართული ოცნების“ სიაში მყოფი ჩვენი ოლიმპიელებიც დაუბრუნდნენ იმ საქმის კეთებას, რაც გამოსდით, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ მმართველი პარტიის პირველი ოცეულის წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიცემა ევროპისთვის უარის თქმას ნიშნავს.
„საქართველო უკვე მიეჩვია მოწყურებულ გამარჯვებას. ვულოცავ საქართველოს, დიდი მადლობა ჩვენს ბიჭებს. დარწმუნებული ვარ, ხალხი ასევე იზეიმებს გამარჯვებას 26 ოქტომბერს იმ ბოროტ რეჟიმზე, რომელიც 12 წელი ძარცვავს ხალხს და ევროპისა და კეთილდღეობის შესაძლებლობას ართმევს ქვეყანას. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ სიას, ივანიშვილის ამ სიაში ყოფნა ნიშნავს, რომ მათ ძალიან ეშინიათ დამარცხების. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის „ქართული ოცნების“ სიაში, ხელისუფლებისთვის ხმის მიცემა ნიშნავს უარის თქმას ევროპისთვის, კეთილდღეობისთვის და 14-მილიარდიანი დახმარებისთვის საქართველოსთვის.
შესაბამისად, ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველო გათავისუფლდეს ამ რეჟიმისგან და „ქართული ოცნების“ სიაში მყოფი ჩვენი ოლიმპიელებიც დაუბრუნდნენ იმ საქმის კეთებას, რაც გამოსდით და კარგად იციან. ოპოზიციისთვის ხმის მიცემა ნიშნავს ევროპას, 14-მილიარდიან დახმარებას საქართველოსთვის, კეთილდღეობას, ერთიანობას. „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიცემა კი ნიშნავს დაყოფას, სიღატაკეს, მეტ ემიგრაციას და დაცლილ საქართველოს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.