ოუენ მერფი – გვაქვს ჩვენი მეთოდოლოგია ნათლად ჩამოყალიბებული პრინციპებით და არჩევნებთან დაკავშირებით გამოვიყენებთ იმ მონაცემებს, რომლებსაც თავად მოვიპოვებთ
გვაქვს ჩვენი მეთოდოლოგია ნათლად ჩამოყალიბებული პრინციპებით და არჩევნებთან დაკავშირებით გამოვიყენებთ იმ მონაცემებს, რომლებსაც თავად მოვიპოვებთ, – ამის შესახებ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ოუენ მერფიმ განაცხადა.
ოუენ მერფის კითხვა დაუსვეს, თუ რამდენად დაეყრდნობა ეუთო-ს შემფასებელთა მისია ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებს მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ არ ენდობა ამ ორგანიზაციებს და ერთ-ერთ მაგალითად ISFED-ის მიერ პარალელური დათვლის მონაცემების გაყალბება მოჰყავს.
კითხვის საპასუხოდ მერფიმ აღნიშნა, რომ შესაძლებელია რეკომენდაციების მიღება ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისგან, თუმცა ეუთო/ოდირს საკუთარი მეთოდოლოგია აქვს.
„ჩვენ მოწვეული ვართ საარჩევნო პროცესის დაკვირვებისთვის. მოწვევის მიზანია, რომ ჩვენი მხრიდან დამოუკიდებელი შეფასება იყოს გაკეთებული. რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს თანამშრომლობა, რეკომენდაციების მიღება იმ სადამკვირვებლო ორგანიზაციებისგან, რომლებიც მუშაობენ. ვიცით, რომ ქვეყანაში ბევრია ასეთი ორგანიზაცია და გვექნება მათთან ურთიერთობა. თუმცა გვაქვს ჩვენი მეთოდოლოგია, საკმაოდ ნათლად ჩამოყალიბებული პრინციპებით და როდესაც ჩვენი ანგარიშის წერას შევუდგებით, გამოვიყენებთ იმ მონაცემებს, რომლებსაც თავად მოვიპოვეთ. ზუსტად ეს მიუკერძოებლობა, თავისუფლება და დამოუკიდებლობა ყველა მხარისგან არის ჩვენი სადამკვირვებლო მისიის პრინციპი და, საერთოდ, საარჩევნო პროცესების პრინციპი“, – აღნიშნა ოუენ მერფიმ.