ნიკა მელია – ქვეყანაში ბევრი პრობლემა რომ გადაწყდეს, მთავარი პრობლემა უნდა გადავჭრათ, ერთპარტიული მმართველობა უნდა დასრულდეს და განვითარების სხვა ეტაპი დაიწყოს

მნიშვნელოვანია, საზოგადოება კიდევ ერთხელ კარგად გავერკვეთ, თუ რა ბრძოლაა. ეს არ არის ბრძოლა პარტიებს შორის, ეს არ არის ბრძოლა პარტიული პოზიციების გამყარებისთვის და ხელისუფლებაში მოსვლისთვის, ეს არის ბრძოლა ამ ქვეყნისთვის შანსის მოპოვებისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ბრძოლა გამარჯვებით უნდა დაგვირგვინდეს.

„ჩვენ ხომ რეალურად ვიბრძვით ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, თბილისის მუნიციპალიტეტში გამარჯვების მოსაპოვებლად, მაგრამ მეორეს მხრივ, ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა, რაშიც ვართ ყველანი ერთად ჩართულნი არის, რომ ამ ქვეყანაში ეროვნული ტიპის არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ გარემოში და 2 ოქტომბრის რეფერენდუმმა ორივე ეს საკითხი უნდა გადაწყვიტოს. ჩვენ თბილისელებს შევთავაზეთ კოალიციური მმართველობა და ასე წარვსდექით ამომრჩევლების წინაშე. იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ბევრი პრობლემა გადაწყდეს, მთავარი პრობლემა უნდა გადავჭრათ, ერთპარტიული მმართველობა უნდა დასრულდეს და დაიწყოს განვითარების სხვა ეტაპი, რომელსაც კოალიციური მმართველობა ჰქვია ქვეყნისა და სახელმწიფოსი“, – განაცხადა მელიამ.

ამასთან, ნიკა მელიას განცხადებით, კარგია, რომ მმართველი პარტია პრაქტიკულად აღიარებს რეალობას, რომლის წინაშეც ისინი დადგნენ.

„ბატონი ღარიბაშვილი და კალაძე კარგია, რომ უკვე ვეღარ მალავენ თავად რამდენად მძიმე ელექტორალურ პრობლემაში არიან. ისინი ამბობენ პრაქტიკულად, რომ ამ არჩევნებში დამარცხდებიან, მაგრამ საკუთარ ამომრჩევლებს ამხნევებენ, მაინც არ ჩავატარებთ საპარლამენტო ვადამდელ არჩევნებსო. ეს უკვე წინგადადგმული ნაბიჯია მათი მხრიდან, რაც დასაფასებელია. პრაქტიკულად, აღიარებენ რეალობას, რომლის წინაშეც ისინი დადგნენ, მაგრამ რამდენად ჩატარდება ვადამდელი არჩევნები თუ არ ჩატარდება, ეს არც ჩემი, არც ღარიბაშვილის, არც კობახიძის, არც ივანიშვილის და არავის გადასაწყვეტი არ არის. ეს არის ხალხის გადასაწყვეტი, ხალხის, რომლის გვერდითაც დგას მთელი საერთაშორისო ცივილიზებული სამყარო“, – განაცხადა მელიამ.

რაც შეეხება დებატებში მონაწილეობას, ნიკა მელია აცხადებს, რომ დებატებში მერობის ყველა კანდიდატმა უნდა მიიღოს მონაწილეობა.

„ყველა კანდიდატმა უნდა მიიღოს დებატებში მონაწილეობა. ეს არის წესი და რიგი. ჩვენ ვნახეთ კალაძის უარი, არ იღებს მონაწილეობას. ყველა კანდიდატმა უნდა მიიღოს მონაწილეობა ყველა დებატში“, – აღნიშნა მელიამ.

მიდიხარ არჩევნებზე?