„მრავალეროვანი საქართველო“ 2 ოქტომბრის არჩევნებზე დაკვირვების შედეგებს აქვეყნებს

საერთო-სამოქალაქო მოძრაობაში „მრავალეროვანი საქართველო“ აცხადებენ, რომ არჩევნების მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დაკვირვება, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული 21 ოლქის 240 უბანზე 327 მოკლევადიანი დამკვირვებლის მეშვეობით განხორციელდა.

ორგანიზაციაში ასევე აცხადებენ, რომ სრულად დააკვირდნენ N4 კრწანისის 31-ე უბანს, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა.

ამასთან, „მრავალეროვან საქართველოში“ აცხადებენ, რომ იმ 21 საარჩევნო ოლქიდან, სადაც მათი ორგანიზაცია სადამკვირვებლო მისიას ახორცილებდა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მშვიდ გარემოში წარიმართა.

„გამონაკლისს წარმოადგენდა N22 მარნეულის საარჩევნო ოლქის რიგი საარჩევნო უბნები, სადაც არსებითი ხასიათის დარღვევები დაფიქსირდა. არჩევნების დღეს, „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლებმა საარჩევნო კომისიებში, 10 საჩივარი წარადგინეს, ათივე მათგანი გადავიდა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში. უმეტეს შემთხვევებში, საარჩევნო კომისიის წევრები ითვალისწინებდნენ ,,მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლების შენიშვნებს და ახორციელებდნენ გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრას. შესაბამისად, ორგანიზაციის დამკვირვებლებმა ამ უბნებზე საჩივრები არ წარადგინეს. „მრავალეროვანი საქართველო“ განაგრძობს საარჩევნო ოლქებში არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგს“, – განაცხადეს ორგანიზაციაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია დაკვირვებისას გამოვლენილ დარღვევებზეც საუბრობს, მათ შორისაა დამკვირვებლისთვის უფლებების შეზღუდვა, უბანზე აგიტაციის ფაქტები და სხვა.

„საარჩევნო უბნის გახსნისას ექვს შემთხვევაში ადგილი ჰქონდა დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვას, რაც უკავშირდებოდა დილის 07:00 საათიდან 08:00 საათამდე „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლების საარჩევნო უბნებზე არდაშვების საკითხებს (კრწანისის 24-ე საარჩევნო უბანი). ორ შემთხვევაში არ ჩატარდა წილისყრა ( მარნეულის N48 და N78 საარჩევნო უბნები), ასევე კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობისას ერთ შემთხვევაში დამკვირვებელს შეეზღუდა დაკვირვების უფლება (მარნეულის N79 საარჩევნო უბანი). ერთ შემთხვევაში დაფიქსირდა უბნის არასათანადო მოწყობა (ახალქალაქის N68 საარჩევნო უბანი). ხმის მიცემის პროცესში მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა ერთი და იმავე პირების მიერ რამდენჯერმე ხმის მიცემის ფაქტები (მარნეულის N4, N6, N79, N88, და ახალქალაქის N27 საარჩევნო უბნები), ასევე ერთი და იმავე პირების მიერ არჩევნებში განმეორებით მონაწილეობის მცდელობის ფაქტები (მარნეულის N1 საარჩევნო უბანი). ორ შემთხვევაში ნაკადის მარეგულირებელის მიერ არ მოხდა მარკირების შემოწმება  (მარნეულის N6 და საგარეჯოს N40 საარჩევნო უბნები).

სამ შემთხვევაში რეგისტრატორის მიერ არ მოხდა მარკირების გაკეთება (მარნეულის N60, გარდაბნის N58 და N59 საარჩევნო უბნები), ორ შემთხვევაში დაფიქსირდა უბანზე აგიტაციის ფაქტები (ნინოწმინდის N18 და ახალქალაქის N68 საარჩევნო უბნები), შვიდ შემთხვევაში გამოვლინდა კენჭისყრის ფარულობის დარღვევის შემთხვევები (დმანისის N1, N20, N24, მარნეულის N74, საგარეჯოს N46 და კრწანისის N10 საარჩევნო უბნები). ოთხ შემთხვევაში დამკვირვებლებს შეეზღუდათ დაკვირვების უფლება (ახალქალაქის N54, მარნეულის N31, N78, გარდაბნის N60 საარჩევნო უბნები), ორ შემთხვევაში დამკვირვებლები უკანონოდ გააძევეს უბნიდან (მარნეულის N48 და N65), სამ შემთხვევაში დამკვირვებლების მიმართ კომისიის წევრების მიერ ადგილი ჰქონდა მუქარასა და დაშინებას (მარნეულის N6,  N14, საგარეჯოს N46 საარჩევნო უბნები). ექვს შემთხვევაში გამოვლინდა კომისიის წევრთა მიერ ფუნქციების არაჯეროვნი შესრულება (მარნეულის N2, N2, N65, გარდაბნის N65, ახალქალაქის N54 და N69 საარჩევნო უბნები). ცხრა შემთხვევაში ადგილი ჰქონდა უბანზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნას (მარნეულის N78, N1, სამგორის N75, ახალციხის N11, გარდაბნის N58, ახალქალაქის N38, N1, N11, N12 საარჩევნო უბნები). სამ შემთხვევაში ნაკადის მარეგულირებელმა ამომრჩეველს პირადობის მოწმობის გარეშე მისცა უბანზე შესვლის უფლება (ახალქალაქის N54, საგარეჯოს N40 და მარნეულის N48 საარჩევნო უბნები) ხოლო ერთ შემთხვევაში ამომრჩეველმა მართვის მოწმობის საფუძველზე გადანახორციელა კენჭისყრაში მონაწილეობა (მარნეულის N55 საარჩევნო უბანი). ერთ შემთხვევაში უბანზე მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება (გარდაბნის N58 საარჩევნო უბანი). გამოვლინდა ბიულეტენების ჩაყრის მცდელობის ერთი შემთხვევა (მარნეულის N65 საარჩევნო უბანი). დაფიქსირდა გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული ერთი დარღვევა (სამგორის N75  საარჩევნო უბანი). ასევე 17 სხვადასხვა სახის დარღვევა (მარნეულის N88, N12, N31, წალკის N3, კრწანისის N5, N18, N19, N22, N3,  ახალქალაქის N59, N27, გარდაბნის N11, N60, N61, ნინოწმინდის N60 საარჩევნო უბნები)“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ამასთან, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესში „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელს შეეზღუდა დაკვირვების უფლება.

„ერთ შემთხვევაში დარღვეული იყო გადასატანი ყუთის ლუქის მთლიანობა (მარნეულის N65 საარჩევნო უბანი).  სამ შემთხვევაში ერთ კონვერტში აღმოჩნდა ორ-ორი მერის ბიულეტენი, ხოლო ორი ისეთი კონვერტი სადაც მხოლოდ ერთი ბიულეტენი იყო ( ახალქალაქის N34 საარჩევნო უბანი). ერთ შემთხვევაში ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერების რაოდენობა 50-ით მეტი აღმოჩნდა ბიულეტენების რაოდენობაზე(ლაგოდეხის N20 საარჩევნო უბანი). არჩევნების დღეს „მრავალეროვანი საქართველოს“ სამონიტორინგო პროგრამის ფარგლებში მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი იქნა 79 ინცინდენტი, ინცინდენტთა 38% დაფიქსირდა მარნეულის საარჩევნო ოლქში. გამოვლინდა შემდეგი ტენდენციები: დამკვირვებლისათვის უფლების შეზღუდვა ( 12 ინციდენტი);’ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა ( 7 ინციდენტი); საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მიერ თავიანთი ფუნქციების არაჯეროვნად შესრულება (6 ინციდენტი); უბანზე არაუფლებამოსილი პირის ყოფნა ( 9 ინციდენტი); მარკირების წესის დარღვევა ( 3 ინციდენტი); განმეორებით ხმის მიცემა (7 ინციდენტი); აგიტაციის წარმოება საარჩევნო უბანზე (2 ინციდენტი)“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

„მრავალეროვან საქართველოში“ აცხადებენ, რომ უბნის გახსნის და მოწყობასთან დაკავშირებული სულ სამი დარღვევა დაფიქსირდა.

„მარნეულის 48-ე უბანი პირველი ამომრჩევლისთვის გაიხსნა 20 წუთის დაგვიანებით, რადგან წილისყრის პროცედურა ჩატარდა წესის დარღვევით, რის გამოც ხელახალი წილისყრა გაიმართა, რაზეც, მრავალეროვანი საქართველოს მიერ დაიწერა საჩივარი; მარნეულის 78-ე უბანზე არ ჩატარდა წილისყრა ნაკადის მარეგულირებელის და ყუთის ზედამხედველის გამოსავლენად, თავმჯდომარემ ერპიროვნულად გადაწყვიტა ამ ორ ფუნქციას რომელი კომისიის წევრები შეასრულებდნენ. რაზეც მრავალეროვანი საქართველოს მიერ დაიწერა საჩივარი; N40 ახალქალაქის 68-ე უბანზე კაბინები არ იყო კედლისკენ მიბრუნებული, დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ აღმოიფხვრა დარღვევა.​ ასევე, კრწანისის 24-ე უბანზე, დამკვირვებელი ფართის სიმცირის მიზეზეით  არ შეუშვეს უბანზე დაკვირვების განსახორციელებლად; მარნეულის 79-ე უბანზე, დამკვირვებელს შეეზღუდა დაკვირვების უფლება, კერძოდ არ მიეცა ვიდეოგადაღების საშუალება; N40 ახალქალაქის 54-ე უბანზე, დამკვირვებელს შეეზღუდა ჩანაწერთა წიგნში ჩანაწერის გაკეთების უფლება; N22 მარნეულის 31-ე უბანზე, დამკვირვებელს შეეზღუდა დაკვირვების უფლება, კერძოდ არ მიეცა ფოტო და ვიდეო გადაღების უფლება; N22 მარნეულის მე-14  უბანზე დამკვირვებლის მიმართ იყო დაშინების მცდელობა, მობილური ჯგუფის ჩარევის შემდეგ განიმუხტა; N22 მარნეულის 78-ე უბანზე დამკვირვებელს შეეზღუდა დაკვირვების უფლება; N22 მარნეულის 48-ე უბანზე, დასაც 50-ზე მეტი ამომრჩეველი უბანზე შეუშვეს  პირადობის მოწმობის გარეშე, მრავალეროვანი საქართველოს, დამკვირვებელს ფაქტის გაპროტესტების გამო დაატოვებინეს უბანი; N21 გარდაბნის მე-60 უბანზე დამკვირვებელს შეეზღუდა დაკვირვების უფლება, რაც დამკვირვებლის მითითების შემდეგ თავმჯდომარის მიერ აღმოიფხვრა; N22 მარნეულის N65 უბანიდან გააძევეს დამკვირვებელი (საია), მისი უბანზე დაბრუნება მოხდა პოლიციის ჩარევით; მარნეულის N6 უბანზე მოხდა დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა და მუქარა, რადგან მან გააპროტესტა, ამომრჩევლების უბანზე ხელმეორედ შემოსვლის ფაქტები; საგარეჯოს 46-ე უბანზე დამკვირვებელს საჩივრის დაწერის გამო სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და ლანძღავდნენ კომისიის წევრები, რის შემდეგაც  გააძევეს უბნიდან; ახალციხის N35 უბანზე მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებელს შეეზღუდა დაკვირვების უფლება“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაციამ კენჭისყრის ფარულობის დარღვევის სულ შვიდი ინციდენტი აღრიცხა.

„24 დმანისის პირველ უბნაზე ორ შემთხვევაში დაირღვა კენჭისყრის ფარულობა, ამომრჩევლებმა კენჭისყრის კაბინაში ბიულეტენს გადაუღეს ფოტო; N22 მარნეულის ოლქის N74 უბანზე დაირღვა ფარულობა (კაბინა განთავსებული იყო კედელთან დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ; N24 დმანისის 20-ე უბანზე, პროფესიული ნიშნით დანიშნულმა წევრმა, კენჭისყრის კაბინაში ბიულეტენს პირადობის მოწმობასთან ერთად გადაუღო ფოტო, რითაც დაარღვია კენჭისყრის ფარულობა; დმანისის მე-20 უბანზე ამომრჩეველმა პირადობის ასლი ბიულეტენებთან ერთად მოათავსა კონვერტში და ისე ჩააგდო ყუთში; დმანისის 24-ე უბანზე, ამომრჩევლები კენჭისყრის კაბინაში ბიულეტენს და პირადობას უღებდნენ ფოტოებს, რამდენიმე მათგანს კომისიის წევრებმა აღნიშნული ფოტოები წააშლევინა; N11 საგარეჯოს N46 უბანზე დაირღვა ხმის მიცემის ფარულობა, კაბინაში ამომრჩეველს შეჰყვა სხვა პიროვნება; კრწანისის მე-10 უბანზე, ოთხ შემთხვევაში დაირღვა კენჭისყრის ფარულობა, კერძოდ ხმის დათვლის აპარატმა უკან დააბრუნა ბიულეტენი რა დროსაც შესაძლებელი გახდა დანახვა ვის სასარგებლოდ იყო ამომრჩევლის ნება გამოხატული.საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მიერ თავიანთი ფუნქციების არაჯეროვნად შესრულება (სულ ექვსი ინციდენტი); ახალქალაქის 54-ე უბანზე, რეგისტრატორს ორი კომისიის წევრი ეხმარებოდა ბეჭდის დარტყმაში და მარკირების გაკეთებაში; მარნეულის მე-2 საარჩევნო უბანზე, კომისიის წევრების დაგვიანებით მისვლის გამო, კენჭისყრა დაიწყო 20 წუთის დაგვიანებით; გარდაბნის 65-ე უბანზე ორ ამომრჩეველს, შეცდომით მარკირების სითხის ნაცვლად სადეზინფენქციო სითხზე დაასხურეს. აღნიშნული დარღვევა ,,მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ იქნა აღმოჩენილი, რის შემდეგაც აღმოიფხვრა დარღვევა; მარნეულის 22-ე უბანზე, ამომრჩეველი რეგისტრატორის მითითებით, სიაში სხვის გრაფაში აწერდა ხელს, რაც ჩვენი დამკვირვებლის მიერ დროულად იქნა შემჩნეული და აღმოფხვრილი; მარნეულის 65-ე უბანზე ნაკადის მარეგულირებელი არ ამოწმებს მარკირებას; N40 ახალქალაქის 69-ე უბანზე რეგისტრატორმა ბიულეტენი გასცა პირადობის მოწმობის შემოწმების გარეშე, თავმჯდომარის მითითების საფუძველზე აღმოიფხვრა.

უბანზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნა, სულ ცხრა ინციდენტი.

N22 მარნეულის 78-ე უბანზე, დაფიქსირდა არაუფლებამოსილი პირების ყოფნა, რის გამოც დაიწერა საჩივარი; ახალქალაქის N 40 ოლქის უბანი N1 – უბნის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა არაუფლებამოსილი პირი, დამკვირვებლის მითითების საფუძველზე თავმჯდომარემ გააძევა უბნიდან; N40 ახალქალაქის მე-12 უბანზე ერთი და იგივე პიროვნების არაერთხელ შემოყვანის მცდელობა; N40 ახალქალაქის 38-ე უბანზე დაფიქსირდა სამი არაუფლებამოსილი პირის ყოფნა. რომლებიც არაერთი მოწოდების მიუხედავად არ ტოვებენ უბანს; N21 გარდაბნის 58-ე უბანზე დაფიქსირდა არაუფლებამოსილი პირების სისტემატიური გადაადგილება; N40 ახალქალაქის 38-ე უბანზე დაფიქსირდა არაუფლებამოსილი პირების ყოფნა რაზეც მრავალეროვანმა საქართველომ დაწერა საჩივარი; N6 სამგორის N75 უბანზე იმყოფებოდა სხვა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი, რომელმაც კომისიის წევრებს მისცა გარკვეული მითითებები; N22 მარნეულის N1 უბანზე იმყოფებოდა არაუფლებამოსილი პირი (მაჟორიტარი კანდიდატი); ახალციხის მე-11 უბანზე დაფიქსირდა არაუფლებამოსილი პორების ყოფნა.

მარკირების წესის დარღვევა, სულ სამი ინციდენტი.

N22 მარნეულის მე-60 უბანზე, ამომრჩეველს არ გაუკეთდა მარკირება, დამკვირვებლის მოთხოვნის საფუძველზე ხარვეზი აღმოიფხვრა; N21 გარდაბნის 58-ე უბანზე, რეგისტრატორმა ერთ პირს არ გაუკეთა მარკირება, რაზეც დამკვირვებელმა მისცა შენიშვნა, აღნიშნული ხარვეზი აღმოიფხვრა, მაგრამ მან მოგვიანებით კვლავ არ გაუკეთა სხვა ამომრჩეველს მარკირება; N21 გარდაბნის N59-ე უბანზე სამ ამომრჩეველს არ გაუკეთდა მარკირება.

მარკირების არ შემოწმება, სულ ორი შემთხვევა.

მარნეულის N 22 ოლქის N 6 უბანი – სამ შემთხვევაში მარკირებას არ ამოწმებდა ნაკადის მარეგულირებელი, დამკვირვებლის მითითების საფუძველზე თავმჯდომარემ გასცა შესაბამისი მითითება; N22 მარნეულის მე-6 უბანზე ნაკადის მარეგულირებელმა 5-ჯერ არ შეამოწმა მარკირება.

ხმის მიცემა არაერთგზის, სულ შვიდი ინციდენტი.

N22 მარნეულის მე-4 საარჩევნო უბანზე, ამომრჩეველს რომელსაც ჰქონდა გაკეთებული მარკირება უფლება მისცეს კენჭისყრაში მიეღო მონაწილეობა, რაზეც დამკვირვებლის მიერ დაიწერა საჩივარი; მარნეულის 79-ე უბანზე ამომრჩეველმა განმეორებით მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა; N 22 მარნეულის 88-ე საარჩევნო უბანზე, ხუთმა პირმა განმეორებით მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა, რაზეც დაიწერა საჩივარი, კენჭისყრის პროცესის შეწყვეტის მოთხოვნით; N 22 მარნეულის 79-ე საარჩევნო უბანზე, დაფიქსირდა განმეორებით კენჭისყრაში მონაწილეობა, რაზეც დაიწერა საჩივარი, კენჭისყრის პროცესის შეწყვეტის მოთხოვნით; ახალქალაქის 27-ე უბანზე კომისიის პროფესიულა წევრმა – ხალიკ ბაბაჯანიანმა მეორედ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა; N22 მარნეულის N1 უბანზე ამომრჩეველი ცდილობდა ხელმეორედ მიეღო მონაწილეობა კენჭისყრაში, თავმჯდომარის მიერ აღმოიფხვრა დარღვევა; მარნეულის N6 უბანზე დაფიქსირდა ამომრჩევლების ხელმეორედ შემოსვლის ფაქტები.

სათანადო დოკუმენტაციის გარეშე ხმის მიცემა/მცდელობა, სულ ოთხი ინციდენტი.

N40 ახალქალაქის 54-ე უბანზე, ნაკადის მარეგულირებელმა ამომრჩეველი შემოუშვა პირადობის მოწმობის გარეშე, ხოლო რეგისტრატორმა ასევე პირადობის გარეშე გაუკეთა მარკირება, დამკვირვებლის მოთხოვნის საფუძველზე, არ ამ პირს არ მიეცა კენჭისყრაში მონაწილეობის საშუალება; N22 მარნეულის 48-ე უბანზე, დასაც 50-ზე მეტი ამომრჩეველი უბანზე შეუშვეს  პირადობის მოწმობის გარეშე, მრავალეროვანი საქართველოს, დამკვირვებელს ფაქტის გაპროტესტების გამო დაატოვებინეს უბანი; N22 მარნეულის N55-ე უბანზე ერთმა ამომრჩეველმა მართვის მოწმობით განახორციელა ხმის მიცემა; საგარეჯოს მე-40 უბანზე ნაკადის მარეგულირებელი არ ამოწმებდა პირადობის მოწმობა, დამკვირვებლის მითითების შემდეგ მან სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე დატოვა უბანი.

აგიტაციის წარმოება საარჩევნო უბანზე, სულ ორი ინციდენტი.

ნინოწმინდის მე-18 უბანზე, ამომრჩევლის მიერ ადგილი ჰქონდა აგიტაციას, კერძოდ ის ადგილზე იმყოფებოდა ქართული ოცნების ,,კეპით“. დამკვირვებლის მოწოდების შემდეგ დატოვა უბანი თუმცა გააგრძელა უბნის N40 ახალქალაქის N68-ე უბანის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქართული ოცნების დეპუტატი ატარებდა აგიტაციას, შეკრებილი იყო 30 ამდე პირი, დამკვირვებლის მოწოდების საფუძველზე დატოვეს უბნის მიმდებარე ტერიტორია.

სიტყვიერი დაპირისპირება, სულ ერთი ინციდენტი.

N21 გარდაბნის 58-ე უბანზე, უწყვეტად მიმდინარეობს კომისიის წევრებსა და დამკვირვებლებს შორის დაპირისპირება, ვინაიდან უბანზე დაფიქსირდა არაუფლებამოსილი პირების სისტემატიური გადაადგილება, რასაც დამკვირვებლები აპროტესტებენ.

გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული დარღვევები, სულ ორი ინციდენტი.

N6 სამგორის 75-ე უბანზე, გადასატანი ყუთის სიაში მყოფ ამომრჩეველს, მას შემდეგ რაც მან სიაში გააკეთა ხელმოწერა, კომისიის წევრმა არ მისცა უფლება, კენჭისყრის განხორციელების უფლება, მისი განმარტებით არ არის შერაცხადი; მარნეულის 65-ე უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთი უბანზე დაბრუნდა ლუქის გარეშე.

ბიულეტენების ჩაყრის მცდელობა, სულ ერთი შემთხვევა.

N22 მარნეულის N 65-ე უბანზე ადგილი ჰქონდა ბიულეტენების ჩაყრის მცდელობას, დამკვირვებელს არ აძლევდნენ უბანზე თავისუფლად გადაადგილების საშუალებას, აღმოიფხვრა დამკვირვებლის მითითების საფუძველზე.

ხმის დათვლის პროცესში გამოვლენილი დარღვევები, სულ სამი შემთხვევა.

მარნეულის N65-ე საარჩევნო უბანზე დარღვეული იყო გადასატანი ყუთის ლუქის მთლიანობა; ახალქალაქის N34-ე საარჩევნო უბანზე სამ შემთხვევაში ერთ კონვერტში აღმოჩნდა ორ-ორი მერის ბიულეტენი, ხოლო ორი ისეთი კონვერტი სადაც მხოლოდ ერთი ბიულეტენი იყო; ლაგოდეხის N20-ე უბანზე ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერების რაოდენობა 50-ით მეტი აღმოჩნდა ბიულეტენების რაოდენობაზე.

სხვა შემთხვევები.

ახალქალაქის 27-ე უბანზე, კომისიის თავმჯდომარემ, თვითნებურად, საოლქო საარჩევნო კომისიასთან შეთანხმების გარეშე, საარჩევნო უბანი გადაიტანა სხვა ტერიტორიაზე, მისი განმარტებით, რომ უბნის სახურავის ჩამოვარდნის საფრთხე არსებობდა; გარდაბნის მე-11 უბანზე, საკონტროლო ფურცელი ყუთში ჩააგდეს მას შემდეგ, რაც ორმა ამომრჩველმა უკვე განახორციელა კენჭისყრაში მონაწილეობა; გარდაბნის მე-60 უბანზე პარტიის წარმომადგენელი იმყოფებოდა შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე, დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ პრობლემა აღმოიფხვრა; კრწანისის მე-3 უბანზე, ამომრჩეველმა ბიულეტებში მხოლოდ ერთი გრაფა შეავსო და უბანი დატოვა; გარდაბნის 61-ე უბანზე, ამომრჩეველს კენჭისყრაში დაეხმარა ამომრჩეველი რომელიც არ იყო რეგისტრირებული აღნიშნულ უბანზე; N21 გარდაბნის მე-11 უბანზე, არაუფლებამოსილ პირს –  სოფლის რწმუნებულს გადასატანი საარჩევნო ყუთისთვის გაატანეს 12 სპეციალური კონვერტი, რომელიც დამკვირვებლის მოთხოვნის საფუძველზე უკანვე დააბრუნეს; N41ნინოწმინდის მე-60 უბანზე, არ ხდებოდა სადემონსტრაციო ოქმის შევსება, დამკვირვებლის მითითების შემდგომ ხარვეზი აღმოიფხვრა; N21 გარდაბნის მე-11 უბანზე, ამომრჩეველი, რომელიც სიის მიხედვით იმყოფებოდა საზღვარგარეთ, არ მიეცა კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება; N4 კრწანისის 22-ე უბანზე, ამომრჩეველს კენჭისკრის კაბინაში დასახმარებლად შეყვა დამლაგებელი; N4 კრწანისის მე-18 და მე19 უბნის ტერიტორიებზე შეინიშნებოდა ხალხმრავლობა რაც დამკვირვებლის მითითების შემდეგ აღმოიფხვრა; N22 მარნეულის 31-ე უბანზე, სპეციალურ სიაში, უბნის გახსნის დროს მითითებული იყო 17 ამომრჩეველი, ხოლო მოგვიანებით აღმოჩნდა 12 ამომრჩეველი; კრწანისის N4 ოლქი, მე-5 უბანზე სადემონსტრაციო ოქმში არ იყო შეტანილი მიღებული ბიულეტენების რაოდენობა, დამკვირვებლის სიტყვიერი მითითების შემდეგ თავმჯდომარემ დარეკა ოლქში და გაარკვია რომ 1 050 მიიღო. (1 218 ამომრჩეველი ძირითად სიაში); ახალქალაქის 59-ე უბანზე სამი კომისიის წევრი იდგა ყუთის გარშემო; N4 კრწანისის მე-5 უბანზე, 17 საათის მონაცემებით არ დაემთხვა ხელმოწერების და გაცემული ბიულეტენების რაოდენობა; მარნეულის მე-12 უბანზე ამომრჩეველს ჰქონდა სხვის ნაცვლად ხმის მიცემის მცდელობა, რაც მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებელმა აღკვეთა; N25 წალკის N3 უბანზე ორმა ამომრჩეველმა ბიულეტენი საარჩევნო ყუთის ნაცვლად საწერი კალმებისათვის განკუთვნილ ყუთში ჩააგდო, ერთ ერთმა უბანი დატოვა, ხოლო მეორე ამომრჩეველს კომისიის წევრებმა მისცეს უფლება ხელმეორედ მიეღო მონაწილეობა კენჭისყრაში; მარნეულის 88-ე უბანზე დამკვირვებელს უარი უთხრეს საჩივრის დარეგისტრირებაზე“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ ახორციელებს 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის პროგრამას, რომელიც მოიცავს, როგორც წინასაარჩევნო, ასევე არჩევნების დღისა და შემდგომი პერიოდის მონიტორინგს.

„არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამამ მოიცვა ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული 21 საარჩევნო ოლქი სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში, ასევე ქ. თბილისში: ნინოწმინდის # 41, ახალქალაქის # 40, ახალციხის 37, ასპინძის # 39, ადიგენის # 38, ბორჯომის # 36, გარდაბნის # 21, მარნეულის # 22, ბოლნისის # 23, დმანისის # 24, წალკის # 25, თეთრიწყაროს # 26, საგარეჯოს # 11, ახმეტის # 18, ლაგოდეხის 15, ყვარლის 16, კასპის 30, მცხეთის # 27, კრწანისის # 4, ისნისა # 5 და სამგორის # 6 საარჩევნო ოლქები. სადამკვირვებლო პროგრამა ხორციელდებოდა 327 მოკლევადიანი, მათ შორის 240 საუბნო, 65 მობილური ჯგუფის, 21 საოლქო საარჩევნო კომისიისა და 1 ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამკვირვებლის მეშვეობით.

არჩევნებს დღეს სადამკვირვებლო პროგრამას კოორდინირებას უწევდა საკოორდინაციო ცენტრი, რომლის ფარგლებშიც ფუნქციონირებდა როგორც ინციდენტების ცენტრი, ასევე მედია ცენტრი. ინციდენტების ცენტრის ოპერატორები მუშაობდნენ საგანგებო რეჟიმში. ოპერატორები მოკლევადიანი დამკვირვებლებისაგან იღებდნენ და ამუშავებდნენ ინფორმაციას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ. არჩევნებზე დღეზე სამონიტორინგო პროგრამას სამართლებრივ მხარდაჭერას უწევდნენ პროგრამის იურისტები. საკოორდინაციო ცენტრში თავმოყრილი ინფორმაცია პერიოდულად ვრცელდებოდა ქართულ და ინგლისურ ენებზე.

გარდა აღნიშნულისა, „მრავალეროვანი საქართველოს“ საკოორდინაციო ცენტრში მოქმედებდა ცხელი ხაზი, რომლითაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო ესარგებლა და საკოორდინაციო ცენტრისათვის გაეზიარებინა მის ხელთ არსებული საარჩევნო ხასიათის ინფორმაცია. „მრავალეროვანი საქართველო” 2003 წლიდან აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში არჩევნების გამჭვირვალობის ხელშეწყობისა და საარჩევნო პროცედურების ეფექტურად რეალიზების პროცესში. ორგანიზაცია მონიტორინგს უწევდა საქართველოში გამართულ ყველა არჩევნებს. არჩევნების დღის სადამკვირვებლო პროგრამა განხირციელდა „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ (USAID), საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოსა და ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის (NED) ფინანსური მხარდაჭერით. განცხადების შინაარსზე პასუხისმგებელია საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ და იგი შესაძლოა არ ასახავდეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებსა და მოსაზრებებს.

მიდიხარ არჩევნებზე?