მამუკა ხაზარაძე – „ქართული ოცნება“ დამარცხდა, ოპოზიციამ მიზანს მიაღწია, თბილისში იწყება ცვლილებები

„ქართული ოცნება“ თბილისში დამარცხდა, ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციამ მიზანს მიაღწია. თბილისში იწყება ცვლილებები, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ეგზიტპოლების წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა.

მამუკა ხაზარაძე დარწმუნებულია, რომ ანალოგიური შედეგები იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

„დარწმუნებული ვარ, რომ ცოტა ხანში, უახლოეს საათებში ჩვენ ანალოგიურ ინფორმაციას მივიღებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს ნიშნავს, რომ იქნება მეორე ტური და კიდევ უფრო გაუმჯობესდება კოალიციის, მთლიანად ოპოზიციის შედეგი მთელი ქვეყნის მასშტაბით. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, „ლელოს“ მხარდამჭერს, ოპოზიციის მხარდამჭერს და ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი მოქალაქეობრივი ფუნქცია და მოვალეობა შეასრულა.

ეს იყო მნიშვნელოვანი არჩევნები, რომელიც ჩვენ გვაძლევს ახალ არჩევნებს მომავალ წელს, სრულად პროპორციულს. კიდევ ვიმეორებ, არჩევნები არ დამთავრებულა. მინდა, ყველას მოვუწოდო, ჩვენს თანაგუნდელებს, კომისიის წევრებს, რომ ჯერ არჩევნები არ დამთავრებულა. ახლა იწყება ხმების დათვლა და ხმების დათვლა უნდა იქნას ისეთ დონეზე ჩატარებული, რომ არც ერთი ხმა არ დავკარგოთ. უნდა დავიცვათ თითოეული ჩვენი ამომრჩევლის ხმა. მარტო „ლელოს“ ასზე მეტი ოქმი აქვს შედგენილი, რადგან არჩევნები ჩატარდა გაყალბებით არასამართლიანად. შესაბამისად, ეს ოქმების შედგენა გრძელდება, ამას ჩვენ მივაწოდებთ შესაბამის ორგანოებს, ისევე როგორც საერთაშორისო დამკვირვებლებს. ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში უნდა დამკვიდრდეს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება. უნდა დავიწყოთ ერთმართველური სისტემა, „ქართული ოცნება“ ებღაუჭება ხელისუფლებას, მაგრამ დღეს მათ ეს ხელისუფლება დაკარგეს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მიდიხარ არჩევნებზე?