მამუკა გამყრელიძე – ჩვენი პარტიის მთელი საარჩევნო ფილოსოფია შეიძლება, სამ სიტყვაში გამოვხატოთ, რომ თვითმმართველობა ეკუთვნის ხალხს

ეს არის ძალიან საინტერესო არჩევნები, ქვეყნის ისტორიაში პირველად, ყველა პარტიას ექნება დამოუკიდებლად მონაწილეობის საშუალება, – განაცხადა „ევროპელი დემოკრატების“ წარმომადგენელმა, მამუკა გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2021“.

„ბლოკები არ არის და ამიტომ, ყველა პარტია საკუთარ ხედვებს და შესაძლებლობებს წარმოადგენს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია შემდგომ, მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის. ეს ამჯერად, ერთგვარი ტრამპლინის სახით შეგვიძლია, განვიხილოთ“, – განაცხადა გამყრელიძემ. 

მისი თქმით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ამიტომ, პარტიამ ამაზე უნდა გააკეთოს ძირითადი აქცენტი.

„მინდა, ვთქვა, რომ ჩვენი პარტიის მთელი საარჩევნო ფილოსოფია შეიძლება, სამ სიტყვაში გამოვხატოთ – თვითმმართველობა ეკუთვნის ხალხს. ხალხი უნდა მიხვდეს, რომ ადგილებზე ისინი არიან ხელისუფლება. ხელისუფლებას პირამიდის სახე აქვს, ის ქვემოდან იწყება და ამ პირამიდაზე დგას. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს“, – განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.

საქართველოს პირველ არხზე დღეს კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მონაწილეობით დებატები იმართება. მასში ათი პარტია მონაწილეობს – „მესამე ძალა“, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპელი დემოკრატები“, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“, „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ლელო“, „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“, „გირჩი“, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. 21 სექტემბერს კი, დებატები თბილისის მერობის ყველა რეგისტრირებულ კანდიდატს შორის გაიმართება.

მიდიხარ არჩევნებზე?