კახა კალაძე – ყველა იმ ადამიანს, ვისაც უნდა ომი და ნგრევა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა 26 ოქტომბერს შესაბამის პასუხს გასცემს
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი დემოკრატიას და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ხელს ვერ შეუშლის, რადგან ის მხოლოდ საზოგადოებისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს. ამის შესახებ მან ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯიმ ო’ბრაიენის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
„კანონი ითხოვს ერთ რამეს – ფული საიდანაც შემოდის, იყოს ცნობილი საზოგადოებისთვის, დაარეგისტრირონ ეს ყველაფერი, თუ საიდან მიიღეს აღნიშნული თანხა და რა კონკრეტულ პროექტებში იხარჯება. მესმის, რომ მავანს ამის გასაჯაროების სურვილი არ აქვს იმიტომ, რომ ყველაფერი ცხადი გახდება – ვინ ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას, ჩვენს კულტურას, ტრადიციებს, ეკლესიას, სარწმუნოებას. ეს ყველაფერი გამოაშკარავდება. ამიტომ ურჩევნიათ, ასე მალულად, შავად ახორციელონ დაფინანსებები რევოლუციის, ექსტრემისტული ორგანიზაციების, საზოგადოების გახლეჩის, დაპირისპირებისთვის. როგორ შეიძლება, აღნიშნული კანონი, რომელიც ითხოვს მხოლოდ გამჭვირვალობას, ეწინააღმდეგებოდეს დემოკრატიას ან ხელი შეუშალოს არჩევნების ჩატარებას? წარმოუდგენელია ეს ყველაფერი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ყველაფერს კარგად ხვდება, რა პროცესები მიდის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მმართველი პოლიტიკური გუნდი არ დაუშვებს, ქვეყანაში არეულობა და დაპირისპირება მოხდეს.
„ჩემთვის მავანია ყველა ის ადამიანი, ვინც ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას, ვინც ხელს უწყობს საზოგადოების დაპირისპირებას, გახლეჩას. პირდაპირ გეტყვით: ჩვენ არ დავუშვებთ, ქვეყანაში გაიხსნას მეორე ფრონტი, საქართველოში განვითარდეს ის პროცესები, რაც, სამწუხაროდ და საუბედუროდ, უკრაინაში ხდება. ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. დავიცავთ მშვიდობას, სიმშვიდეს და მოვახდენთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძე აქვე გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების იმ განცხადებასაც, რომლის თანახმადაც, მათი მიზანი საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვებაა.
„ეს ყველაფერი ძალიან დიდი ტყუილია, რადგან, რეალურად, ყველა ის ადამიანი, რომელიც ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებად მოგვევლინებიან, პარტიული აქტივია. ისინიც რადიკალების ნაწილს წარმოადგენენ, უბრალოდ, სახელები აქვთ შეცვლილი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დღეს უკვე არანაირი ზღვარი არ არსებობს, არასამთავრობო ორგანიზაციაა თუ პოლიტიკური პარტია. ერთი რადიკალური დაჯგუფებაა, სხვადასხვა სახელი აქვთ უბრალოდ. ამ ქვეყნის ყველა მტერს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ებრძვის მშვიდობას ქვეყანაში, ვისაც უნდა ომი და ნგრევა, მათ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა 26 ოქტომბერს შესაბამის პასუხს გასცემს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.