ირაკლი კობახიძე – რადიკალური ოპოზიციის, მათი უცხოელი მფარველების მხრიდან უპრეცედენტო თავდასხმების ფონზე, ეუთო/ოდირ-ს ჰქონდა ჩამოსვლისგან თავშეკავების მიზეზი

ვფიქრობ, მთავარი მიზეზი, რატომაც ეუთო/ოდირ-ი არ ჩამოვიდა საქართველოში, არის ის, რომ იყო უპრეცედენტო თავდასხმები რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, მათი უცხოელი მფარველების მხრიდან, ასეთ ფონზე ეუთო/ოდირს ჰქონდა თავშეკავების მიზეზი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, თვითმმართველობის არჩევნებისთვის ძალიან ბევრი დამკვირვებელია საქართველოში ჩამოსული.

„რეალურად ძალიან ბევრი დამკვირვებელია ჩამოსული. ცესკო-ს ჰქონდა ბრიფინგი და არის ბევრი დამკვირვებელი ჩამოსული, თუ არ ვცდები, 1000-ზე მეტი დამკვირვებელია ჩამოსული. ჩვენ ასევე მოვიწვიეთ ეუთო/ოდირ-ი, თუმცა მათ მოიწერეს პასუხი, რომ ვერ მოახერხებდნენ მისიის დაკომპლექტებას.

2007 წელს არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მოიწვიეს ეუთო/ოდირ-ი და ძალიან ადვილად მოხერხდა მაშინ მისიის დაკომპლექტება, ამიტომ ეს ვადა რეალურად იყო საბაბი. მე ვფიქრობ, მთავარი მიზეზი, რატომაც ეუთო/ოდირ-ი არ ჩამოვიდა საქართველოში, არის ის, რომ იყო უპრეცედენტო თავდასხმები რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, მათი უცხოელი მფარველების მხრიდან ეუთო/ოდირზე, ასეთ ფონზე ეუთო/ოდირს ჰქონდა თავშეკავების მიზეზი. სამ წელიწადში ეუთო/ოდირ-ი აუცილებლად იქნება საქართველოში და როგორც ეს მიღებულია, დააკვირდება საპარლამენტო არჩევნებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მიდიხარ არჩევნებზე?