გიორგი სიორიძე – გვაქვს იდეა, რომ საარჩევნო კაბინების კონსტრუქცია შეიცვალოს, რათა მეტად გამოჩნდეს ამომრჩევლის სილუეტი და ხმის მიცემის ფარულობა გარანტირებული იყოს

ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სიორიძე აცხადებს, რომ გამოდის ინიციატივით, საარჩევნო კაბინების კონსტრუქცია შეიცვალოს.

სიორიძე განმარტავს, რომ ინიციატივის მიზანია, მეტად გამოჩნდეს ამომრჩევლის სილუეტი და ხმის მიცემის ფარულობა იყოს გარანტირებული.

როგორც ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, იდეასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

„ჩემი ინიციატივით და კომისიასთან შეთანხმებით, პოლიტიკურ სუბიექტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციის შედეგად, ჩვენ გვაქვს იდეა, რომ არსებული საარჩევნო კაბინების კონსტრუქცია შეიცვალოს, რათა მეტად გამოჩნდეს ამომრჩევლის სილუეტი, იმდაგვარად, რომ ხმის მიცემის ფარულობა იყოს გარანტირებული, რაც გამორიცხავს, ყოველ შემთხვევაში, ამცირებს იმ მანკიერ პრაქტიკას, რომელიც დაკავშირებული იყო ბიულეტენების საარჩევნო უბნიდან გატანასა და შემოტანასთან. არ მიყვარს ამ ტერმინის ხმარება, მაგრამ ე.წ. სომხურ კარუსელებთან და აგრეთვე იმ მანკიერ პრაქტიკასთან, რომელიც დაკავშირებული იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან, ადამიანის ნებაზე ძალადობასთან, შანტაჟშთან და ასე შემდეგ. ვიმედოვნებთ, რომ მოხდება ამის პრევენცია, მისი მინიმუმამდე დაყვანა. უბრალოდ, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და ხვალინდელ იმიტირებულ არჩევნებზე მოხდება ამ კაბინებით ხმის მიცემა.

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ ყველა ჩართულ მხარეს, პოლიტიკურ პარტიებს, მაჟორიტარ კანდიდატებს, რომ მაქსიმალურად მიიღონ მონაწილეობა ამ პროცესში, რათა პროცესი გახდეს მეტად ინკლუზიური და მაქსიმალურად მოხდეს ადამიანების ინფორმირება. ჩემი აზრით, კრწანისელებს ახლა ეძლევათ შესაძლებლობა, 2 ოქტომბერს მიიღონ ისეთ არჩევნებში მონაწილეობა, რომელიც შესაძლებელია, გახდეს არჩევნების მომავალი საქართველოში“, – განაცხადა სიორიძემ.

მიდიხარ არჩევნებზე?