გიორგი კალანდარიშვილი – მარკირება არათუ ნარჩუნდება, არამედ სიახლის სახით, პროცედურა დამატებულია გადასატანი საარჩევნო ყუთით მოსარგებლე პირებისთვისაც
აბსოლუტურად ყველა ეტაპზე ცენტრალური საარჩევნო კომისია გასცემს შესაბამის ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა განხორციელდეს საარჩევნო პროცესი, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ყველა შეკითხვა ცესკო-ს“ განაცხადა.
„ყველა აპარატის გამოყენებას ჰყავს თავისი ზედამხედველი; ვერიფიკაციის აპარატს ჰყავს თავისი ზედამხედველი, კომისიის წევრი, იგივე რეგისტრატორი, რომელიც ახორციელებს ამ პროცესზე ზედამხედველობას, ისევე, როგორც ხმის მთვლელ აპარატებს ჰყავს ზედამხედველი, კომისიის წევრი, რომელიც ახორციელებს შესაბამისი ინსტრუქტაჟის გაცემას, თუ როგორ მოათავსონ სწორად საარჩევნო ბიულეტენი ხმის მთვლელ აპარატში. შესაბამისად, აბსოლუტურად ყველა ეტაპზე კომისია გასცემს შესაბამის ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს ყველაფერი. იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველს აქვს რამე შეფერხება ამ საკითხთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მას დამატებითაც განემარტება და შესაბამისი მხარდაჭერის აღმოჩენა განხორციელდება უბანზე“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
ამ განცხადებით ცესკო-ს თავმჯდომარემ მაყურებლის შეკითხვას უპასუხა, დაეხმარებიან თუ არა ამომრჩეველს უბანზე, თუ მან ახალი სისტემით ხმის მიცემა ვერ შეძლო.
შეკითხვაზე, ნარჩუნდება თუ არა მარკირების პროცედურა, კალანდარიშვილმა უპასუხა, რომ მარკირება არათუ ნარჩუნდება, არამედ სიახლის სახით, კანონმდებელმა მარკირების პროცედურა დაამატა გადასატანი საარჩევნო ყუთით მოსარგებლე პირებისთვისაც. [related_news id=”2045687″ align=”right”]
„რა თქმა უნდა, ესეც გარკვეული სპეკულაციების საგანი იყო წინა არჩევნებზე, თითქოს გადასატანი საარჩევნო ყუთით მოსარგებლე პირი უბანზე მოვიდა და მას ჰქონდა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ეს ისედაც ასე ვერ მოხდებოდა, მარკირება ექნებოდა, თუ არ ექნებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში, თუ პირი იქნება დამატებით მარკირებული, ეს არის დამატებითი მექანიზმი, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სპეკულაციები იყოს აღმოფხვრილი. ამიტომ, სიახლის სახით, გადასატანი საარჩევნო ყუთით მოსარგებლე პირებიც იქნებიან მარკირებული“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
გიორგი კალანდარიშვილმა ელექტროენერგიის შესაძლო შეწყვეტის შემთხვევაში პროცესის მართვასთან დაკავშირებით მაყურებლის შეკითხვასაც უპასუხა, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო უბანზე ელექტროენერგია გაითიშება და განაცხადა, რომ ამ რისკის დასაზღვევად ცესკო-ს აქვს მჭიდრო კომუნიკაცია „თელასთან“ და „ენერგო პრო-სთან“, რათა მათი ჩართულობა უზრუნველყოფილი იყოს, მაგრამ გარდა მათი ჩართულობისა, ვერიფიკაციის აპარატს აქვს დამატებითი შიდა კვების ბლოკი, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში უზრუნველყოფს შესაბამისი კვების უწყვეტად მიწოდებას, ხმის მთვლელი აპარატებისთვის კი ცესკო-მ შეიძინა დამატებითი კვების ბლოკები, ე.წ. UPS-ები, რომელიც ასევე რამდენიმე საათის განმავლობაში უზრუნველყოფენ უწყვეტი კვების მიწოდებას.
„იმ შემთხვევაში, თუ ამ რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ მოგვარდა სათანადო ელექტროენერგიის მოწოდება, ხსენებული კომპანიები უზრუნველყოფენ აუცილებელი ზომების მიღებას. იქნება სპეციალური ჯგუფები, რომლებიც დამატებით მოემსახურებიან საარჩევნო უბნებს, რომ დროებითი კვებით, ელექტროენერგიით განხორციელდეს მათი მომარაგება და სხვა შესაბამისი ოპერატიული ქმედებების განხორციელება“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, აპარატებზე განხორციელდეს კიბერთავდასხმა, კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ აპარატები გარე ქსელთან, ინტერნეტთან არ არის დაკავშირებული და კიბერთავდასხმა აბსოლუტურად გამორიცხულია.
შეკითხვას, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ აპარატით და ხელით დათვლილი შედეგები ერთმანეთს არ დაემთხვევა, ცესკო-ს თავმჯდომარემ ასე უპასუხა:
„ეს თუ ვინმემ მიზანმიმართულად არ უზრუნველყო და ამ პროცესს ხელი არ შეუწყო, შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ განვლილი რვა პილოტის ფარგლებში ასეთი ცდომილება ფაქტობრივად, არ არსებობდა. იყო ძალიან მცირე პროცენტი, რომელსაც თავისი ლეგიტიმური ახსნა და საფუძველი ჰქონდა“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ უნდა იპოვოს საკუთარი თავი ამომრჩეველმა საარჩევნო სიაში, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ ამომრჩეველს ამის გადამოწმება შეუძლია ცესკო-ს ვებგვერდზე, მობილურ აპლიკაციებში, სოციალურ ქსელებში, ცხელ ხაზზე დარეკვით და ასე შემდეგ.
„ამომრჩეველს შეუძლია, ეს ყველაფერი 8 ოქტომბრის ჩათვლით გააკეთოს, ხოლო რაც შეეხება უმისამართო, რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილ ამომრჩეველს, თუ მათ სურთ, სიებში კონკრეტული მისამართის მიხედვით მოხვდნენ, 5 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოგვმართონ“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.