ცესკო-ში აცხადებენ, რომ „ფეისბუქში“ საარჩევნო პროცესის დამაზიანებელი მორიგი ცრუ ინფორმაცია გავრცელდა

ცესკო-ს პრესსპიკერის ნათია იოსელიანის განცხადებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არსებულმა ინფორმაციის დაცულობის ცენტრმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საარჩევნო პროცესის დამაზიანებელი მორიგი ცრუ ინფორმაციის გავრცელების ფაქტი გამოავლინა.

კერძოდ, იოსელიანის განმარტებით, სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ ინტენსიურად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია ამომრჩეველთა ერთიან სიაში ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით.

„აღნიშნული პირი მოუწოდებს ემიგრაციაში მყოფ პირებს, რომ გადაამოწმონ თავიანთი მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში და იმ შემთხვევაში, თუ სიაში საკუთარ მონაცემებს აღმოაჩენენ, ახლობლებს სთხოვონ, აღნიშნულის გამო არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე დაწერონ საჩივრები. აღნიშნულმა პოსტმა მიიღო საკმაოდ მასშტაბური ხასიათი. ამ დროისთვის ის უკვე გაზიარებულია 50-მდე ფეისბუქ ჯგუფში, სადაც ძირითადად ემიგრანტები არიან გაწევრიანებული“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

იოსელიანის განმარტებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიყვანება საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე იმის მიუხედავად, არის თუ არა ის საქართველოში.

„ამასთანავე, მათ უნდა ჰქონდეთ რეგისტრაცია საქართველოში და ფლობდნენ ვალიდურ დოკუმენტს. საზღვარგარეთ მყოფ პირებს სიაში მათი მონაცემების გასწვრივ მითითებული აქვთ, რომ იმყოფებიან საზღვარგარეთ. არსებობს გარკვეულ პირთა წრე, რომლებიც იმყოფებიან საზღვარგარეთ, მაგრამ ისინი არ არიან საკონსულო აღრიცხვაზე და მათ შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. ამდენად, თავისთავად ის ფაქტი, რომ ემიგრაციაში მყოფი ამა თუ იმ პირის მონაცემები არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში, არ მიუთითებს რაიმე დარღვევაზე. უფრო პირიქით, ამ გზით ამომრჩევლის საარჩევნო უფლება არის დაცული, ვინაიდან წინასწარ არ არის ცნობილი, კონკრეტული პირი როდის დაბრუნდება საქართველოში და იმ შემთხვევაში, თუ ის ქვეყანაში დაბრუნდება არჩევნების დღეს, მას უნდა ჰქონდეს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ამასთან, არასწორია მითითება ახლობლების მიერ საჩივრის დაწერასთან დაკავშირებით, ვინაიდან საარჩევნო კანონმდებლობით არჩევნების დღეს ამომრჩეველი არ წერს საჩივარს.

ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე იმყოფება კომისიის 17 წევრი, მათ შორის პარტიების წარმომადგენლები. ასევე, პროცესის მიმდინარეობას აკვირდებიან სადამკვირვებლო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები. ამდენად, თითოეული ამომრჩევლის საარჩევნო უფლების დაცვა ყველა მათგანის ჩართულობით არის უზრუნველყოფილი“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

საარჩევნო ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ დღეს გავრცელებული ინფორმაციის მიზანი შესაძლოა, იყოს ემიგრანტების შეცდომაში შეყვანა და საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია.

„მივმართავთ თითოეულ ემიგრანტს, ამომრჩეველთა ერთიან სიაში თავიანთი სტატუსთან დაკავშირებით სწორი და ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდნენ ცესკო-ს კონტაქტ ჰაბის მეშვეობით ტელეფონის ნომერზე 2 51 00 51“, – განმარტა ნათია იოსელიანმა.

მიდიხარ არჩევნებზე?