ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესში ცვლილებები იგეგმება

საქართველოს პარლამენტის მიერ ცესკო-ს წევრებისა და ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის წესის ცვლილება იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში უკვე მომზადდა, რომლის ინიციატორები უმრავლესობის წევრები – შალვა პაპუაშვილი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი და გურამ მაჭარაშვილი არიან.

ცვლილებებით შენარჩუნებულია დღეს მოქმედი ნორმა, როცა პირველ კენჭისყრაზე, კანდიდატების არჩევა – 100 ხმით ხდება, თუმცა გაუქმებულია მეორე კენჭისყრა, როცა კანდიდატის არჩევა 90 ხმით უნდა მომხდარიყო. ასევე გათვალისწინებულია მესამე კენჭისყრა, როცა კანდიდატების დამტკიცება 76 ხმით ხდება.

რაც შეეხება კანონპროექტის დეტალებს, მასში აღნიშნულია, რომ პარლამენტის მიერ ცესკო-ს წევრის არჩევისას ცესკო-ს წევრობის კანდიდატთაგან თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც კენჭისყრისას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. ასეთ კანდიდატთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი თუ აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლება მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატი, ხოლო თუ მათ მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად.

პროექტში ნათქვამია, რომ კენჭისყრის შედეგად თუ არ შეივსო ყველა ვაკანსია, ყველა იმ დარჩენილ კანდიდატს, რომელმაც ბოლო კენჭისყრისას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა, ხელახლა ეყრება კენჭი. ხელახალი კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. ასეთ კანდიდატთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი თუ აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლება მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატი, ხოლო თუ მათ მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. ხელახალი კენჭისყრის შედეგად ვაკანსია ისევ შეუვსებელი თუ დარჩა, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს სამი დღის ვადაში, კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატთაგან თითოეულ დარჩენილ ვაკანსიაზე ორ კანდიდატურას წარუდგენს. ვაკანსია კვლავ შეუვსებელი თუ დარჩება, არაუგვიანეს სამი დღის ვადაში, დარჩენილ ვაკანსიაზე გამოცხადდება კონკურსი და კანდიდატურების წარდგენის პროცედურა თავიდან დაიწყება.

მიდიხარ არჩევნებზე?