ბექა ლილუაშვილი – ლომჯარიას კი არა, იმ მოქალაქეების და ახალგაზრდების იმედად ვარ, რომლებიც სადამკვირვებლო პროცესში ჩაერთვებიან, „ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბებას ვერ მოახერხებს
ლომჯარიაზე არაფრის თქმას არ ვაპირებ. ლომჯარიას, როგორც დამკვირვებლის, იმედად კი არ ვარ, არამედ საქართველოს იმ მოქალაქეების და ახალგაზრდების, რომლებიც პროცესში ჩაერთვებიან, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, როგორ გამოიყურება დარღვევა საარჩევნო უბანზე, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
ლილუაშვილის თქმით, ამ პროცესში მათ დაეხმარებიან.
„არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ უკვე დაიწყო მანიპულაციების პროცესი. მისი გადაწყვეტილებებით და ქმედებებით, რასაც წინასაარჩევნო პერიოდში ვაკვირდებით, ნათლად ჩანს, რომ განსაზღვრული აქვს, მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს ადამიანების გადაწყვეტილებებზე და მათ არჩევანი მოჰპაროს. ამ თვალსაზრისით, ცხადია, მნიშვნელოვანია, რაც მეტი ადამიანი დააკვირდება და ახალგაზრდა იქნება ჩართული ამ პროცესში, რათა საარჩევნო დღეს „ქართულ ოცნებას“ მანიპულაციის განხორციელების სივრცე მაქსიმალურად შეეზღუდოს. ქვეყანაში არაერთი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, მათ შორის, გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიები არიან და „ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბებას ვერ მოახერხებს, ეს გამორიცხულია. სჯობს, დროულად მოეგონ გონს, დახურონ ის განზრახულობები, რაც არჩევნების დღესთან დაკავშირებით აქვთ და ნორმალური, სამართლიანი არჩევნები ჩაატარონ“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ დააფუძნეს. სადამკვირვებლო მისიის პრეზენტაციაზე ყოფილმა სახალხო დამცველმა, პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ მოქალაქეებს სთავაზობენ, ჩაერთონ დაკვირვების პროცესში.