
ავსტრიის პარლამენტის წევრები – საქართველოში საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში წარიმართა და ამომრჩევლებმა ყველანაირი ზეწოლის გარეშე მისცეს ხმა
ავსტრიის პარლამენტი საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ სადამკვირვებლო მისიის წევრების შეფასებებს აქვეყნებს.
როგორც ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ – „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, რომელმაც ხმების 54% მიიღო, ხოლო ოპოზიციას შედეგების აღიარება არ სურს.
ინფორმაციის თანახმად, არჩევნებზე მრავალი დამოუკიდებელი სადამკვირვებლო მისია იყო წარმოდგენილი, 500-ზე მეტი დამკვირვებლით. ეუთო-სა და ევროპარლამენტის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობა მიიღეს ავსტრიის პარლამენტის წევრებმაც.
ბუნდესრატის წევრის, ჰარალდ ჰიმერის განცხადებით, მის სადამკვირვებლო არეალში არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა.
„ცხადია, მე მხოლოდ ჩემს სადამკვირვებლო არეალში არსებულ ვითარებაზე შემიძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია. მე ვერ აღმოვაჩინე ვერცერთი დარღვევა, რომელიც მიმართული იქნებოდა საარჩევნო პროცესის და მისი ტექნიკური მსვლელობის შესაფერხებლად“, – აცხადებს ჰარალდ ჰიმერი.
ბუნდესრატის წევრი კლემენს კოფლერი აღნიშნავს, რომ საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში წარიმართა და ამომრჩევლებმა ყველანაირი ზეწოლის გარეშე მისცეს ხმა.
„ჩვენ დავაკვირდით, რომ ამომრჩევლებმა ხმა მისცეს ზეწოლის გარეშე. საარჩევნო კაბინები იყო გამჭვირვალე და კარგად დაცული. გარემო იყო მშვიდობიანი, მე ვერ აღმოვაჩინე დაშინების ან ძალადობის ვერცერთი ნიშანი“, – განაცხადა კლემენს კოფლერმა.