ანა გოგოლაძე – 2 ოქტომბრის რეფერენდუმი არის შანსი ქვეყნისთვის, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხებით ოპოზიციამ შეძლოს ხალხის მოლოდინის რეალობად ქცევა

მინდა, მივესალმო ყველა იმ თანამოქალაქეს, ვინც წლებია, ელოდება ამ ქვეყანაში ცვლილებებს, იმ ცვლილებებს, რომელიც მათ მისცემს არსებობის ნაცვლად ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ანა გოგოლაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში, 10 პარტიას შორის პოლიტიკური დებატებისას განაცხადა.

როგორც ანა გოგოლაძემ აღნიშნა, 2 ოქტომბრის რეფერენდუმი არის შანსი ქვეყნისათვის, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხებითა და ოპოზიციური პარტიების მრავალფეროვნებით შეძლოს ოპოზიციამ ხალხის მოლოდინის რეალობად ქცევა.

„მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით მივესალმო იმ ასი ათასობით ადამიანს, ვინც ბოლო წლების განმავლობაში იძულებული გახდა, გაუსაძლისი ეკონომიკური პირობების გამო, დაეტოვებინა სამშობლო, ოჯახები და წასულიყო მძიმე ემიგრაციაში. მინდა, მივესალმო იმ 750 ათას პენსიონერს, რომელიც თავისი ხანდაზმულობის წლებს ატარებს ღირსეული სიბერის გარეშე. მინდა, მივესალმო იმ 200 ათას სტუდენტს, ვისაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საუკეთესო წლების გატარება უწევს უპერსპექტივო ქვეყანაში, ერთადერთ გამოსავლად ქვეყნის დატოვება ესახებათ.

მინდა, მივესალმო ყველა იმ თანამოქალაქეს, ვინც წლებია, ელოდება ამ ქვეყანაში ცვლილებებს, იმ ცვლილებებს, რომელიც მათ მისცემს არსებობის ნაცვლად ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობას. 2 ოქტომბრის რეფერენდუმი არის შანსი ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისათვის, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხებითა და ოპოზიციური პარტიების მრავალფეროვნებით შევძლოთ ამ მოლოდინის რეალობად ქცევა“, – განაცხადა ანა გოგოლაძემ.

საქართველოს პირველ არხზე დღეს კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მონაწილეობით დებატები იმართება. მასში ათი პარტია მონაწილეობს – „მესამე ძალა“, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპელი დემოკრატები“, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“, „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ლელო“, „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“, „გირჩი“, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. 21 სექტემბერს კი, დებატები თბილისის მერობის ყველა რეგისტრირებულ კანდიდატს შორის გაიმართება.

მიდიხარ არჩევნებზე?