ირაკლი კობახიძე – საარჩევნო პროცესში გარე ჩარევის ყველა მცდელობა განწირულია წარუმატებლობისთვის, არჩევნები დასრულდება ისე, როგორც ქართველი ხალხის ინტერესებშია, მყარად გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“

დღეს ჩვენ გვაქვს დაახლოებით 60 პროცენტი, შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები ამ არჩევნებში ვერავითარ წარმატებას ვერ მიაღწევენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სანქციების დაწესებაც არის საარჩევნო პროცესში გარე ჩარევა.

„ვიღაცას აქვს იმედი, რომ სანქციებით, რაღაცნაირად, აიწევა ოპოზიციის პროცენტები, შესაბამისად, დაიწევს „ქართული ოცნების“ პროცენტი. ეს არის, რეალურად, ინტერესი. არიან გარკვეული ძალები, რომელთაც აქვთ ეს ინტერესი. ესენი არიან იგივე ძალები, რომლებიც ცდილობდნენ საქართველოში ომის გაჩაღებას 2022 წელს განსაკუთრებით, ამის შემდეგაც, თუმცა საბოლოო ჯამში, ყველა ეს მცდელობა არის განწირული წარუმატებლობისთვის. საბოლოოდ, არჩევნები დასრულდება ისე, როგორც შედის ეს ქართული საზოგადოების, ქართველი ხალხის ინტერესებში – ძალიან მყარად გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“. 60 პროცენტზე მეტი გვინდა ავიღოთ და დღეს გვაქვს დაახლოებით 60 პროცენტი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ასეთი ძალები, ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები ამ არჩევნებში ვერავითარ წარმატებას ვერ მიაღწევენ“, – განაცხადა პრემიერმა.

მიდიხარ არჩევნებზე?