ცესკო – 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818-ს შეადგენს
საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა დაასრულა.
როგორც ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818-ს შეადგენს.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირება ხორციელდება სხვადასხვა უწყებების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველა ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ პროცესში მჭიდრო თანამშრომლობისთვის და კოორდინაციისთვის. ასევე, მადლობას ვუხდით ამომრჩევლებს აქტიურობისთვის, მონაცემების გადამოწმებისთვის და სიების სრულყოფის პროცესში შეტანილი წვლილისთვის. მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას 3 130 348 ამომრჩეველი მიიღებს. წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 47 000-მდე ახალგაზრდას. გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 60 754-მა ამომრჩეველმა მომართა. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 061 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება. მათ შორისაა 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებშია გახსნილი. არჩევნების გამოცხადებიდან დღემდე ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემები ცესკოს ვებგვერდზე და მობილურ აპლიკაციაში ამომრჩეველებმა გადაამოწმეს 600784-ჯერ, სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით კი 25 აგვისტოდან 16 სექტემბრის ჩათვლით 9 524 -ჯერ“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც საარჩევნო ადმინისტრაციამ სიები ყველა შესაბამისი უწყებისგან მიიღო, მონაცემები დამუშავდა და დაიყო საარჩევნო ოლქების, ასევე უბნების მიხედვით.
„ამჟამად ამომრჩეველთა ერთიანი განახლებული სია ცესკო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ყველასთვის ხელმისაწვდომია. აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია ხელმისაწვდომია რეგისტრირებული პარტიებისთვის და საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის. სიის საჯარო ვერსიის გაცნობის საშუალება აქვთ ამომრჩევლებსაც უშუალოდ საარჩევნო უბნებზე. საარჩევნო წლის მანძილზე საარჩევნო ადმინისტრაციისგან ამომრჩეველთა ერთიანი სია სხვადასხვა დროს გაითხოვა ხუთმა პარტიამ, რაც ადასტურებს, რომ ამომრჩეველთა სიის ხელმისაწვდომობა მისი გადამოწმების მიზნით იყო კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.